LIVE

რუსეთმა ომის ეკონომიკაზე გადასასვლელად ორი კანონი მიიღო

05 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 274
რუსეთმა ომის ეკონომიკაზე გადასასვლელად ორი კანონი მიიღო

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა ორი კანონპროექტი, რაც ომის ეკონომიკაზე გადასვლის პირველი ეტაპია. შედეგად, მთავრობას შეძლებს დაავალდებულოს ბიზნესი, მიაწოდოს საქონელი სამხედროებისთვის და თანამშრომლები ზეგანაკვეთურად ამუშაოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად.

ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა პარლამენტს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი გამოწვეული იყო შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის აუცილებლობით იმ დროს, როდესაც რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის მხრიდან “სანქციების ზეწოლის” ქვეშაა.

“თავდაცვის ინდუსტრიაზე ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გარანტირებისთვის აუცილებელია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და საწარმოების მუშაობის ოპტიმიზაცია“, - განაცხადა ბორისოვმა.

ერთ-ერთ კანონპროექტში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს “სპეციალური ეკონომიკური ზომები” სამხედრო ოპერაციების დროს, რაც ავალდებულებს კომპანიებს, მიაწოდონ საქონელი და მომსახურება მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სამხედროებს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ახალი მასალები და იარაღის შეკეთება სჭირდებათ.

“ამ მოთხოვნების ოპერატიულად შესრულების აუცილებლობა, განსაკუთრებით რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციების კონტექსტში, მოითხოვს ძალისხმევის დროებით კონცენტრირებას ეკონომიკის გარკვეულ სექტორებზე და ეროვნული თავდაცვის გზით რესურსების მიწოდების ორგანიზებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

მეორე კანონპროექტი მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, დაარეგულიროს სამუშაო საათები და განსაზღვროს დასვენების დღეები გარკვეული ბიზნესისთვის. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მთავრობას შეუძლია აიძულოს იმ ბიზნესის თანამშრომლები, რომლებიც აწვდიან სამხედროებს საქონელს, იმუშაონ ღამით, შაბათ-კვირას, არდადეგებზე და შვებულების გარეშე.

ორივე კანონპროექტი რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმას წარუდგინა. მათ ჯერ კიდევ უნდა გაიარონ მეორე და მესამე მოსმენა, განიხილონ პარლამენტის ზედა პალატაში და ძალაში შესვლისთვის ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.