LIVE

ეკონომიკის გადახურების რისკი არსებობს, ორნიშნა ზრდა და ინფლაცია ერთად სახიფათოა - ხიშტოვანი

30 ივნ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1294

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ორნიშნა ინფლაცია სახიფათოა. ხიშტოვანის შეფასებით, ამ ორი მოვლენის თანხვედრამ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკის „გადახურება“ გამოიწვიოს.  

„ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. აქ უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკის გააზრებული პოლიტიკა, რადგან ეკონომიკის „გადახურების“ რისკი არსებობს, იმიტომ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მასშტაბით, აშშ-სა და ევროკავშირში უკვე სტაგნაციაზეა საუბარი. შესაბამისად, გარე ეფექტების შედეგად გამოწვეულ, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ბუმს, ძალიან ფრთხილად უნდა შევხედოთ“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში. 

მისი განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ეფექტი ძირითადად დასაქმებულებს ეხებათ და არა ყველა ოჯახს. გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, არის რისკი, რომ ქვეყანაში უთანასწორობის ხარისხი გაიზარდოს.     

შეგახსენებთ, საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა. პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 11.2% იყო.

რაც შეეხება ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს.