LIVE

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს - TI

30 ივნ 202213:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 757
სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევის თანახმად, სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ამ დასკვნამდე 2013-2021 წლებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული ოფიციალური მონაცემების გაანალიზების შედეგად მივიდა.

„უკიდურესად დაბალი კონკურენცია, არასაკმარისი გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერების მექანიზმების არარსებობა და არასათანადო რეაგირება სავარაუდო დარღვევებზე - ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც პრივატიზაციის პროცესში კორუფციის რისკს წარმოშობს.

საქართველოში მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრივატიზების პროცესი, დიდი ალბათობით, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. არსებული გამოწვევების პირობებში, და ასევე იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არის მაღალი დონის კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მოხდეს კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების ხარჯზე“, - აღნიშნულია TI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2013-2020 წლებში სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) პრივატიზაციის გზით ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. ამ კომპანიების, მათი მეწილეებისა და დირექტორების ნაწილმა (212 კომპანიის 217-მა მეწილემ/მმართველმა) სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 19 655 907 ლარი შესწირა.

ამასთან, 2013-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის ყოველი 3 აუქციონიდან 2 (68%) უკონკურენტოდ იქნა მოგებული, რაც TI-ს შეფასებით, კონკურენციის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია. მათივე შეფასებით, უკონკურენტო აუქციონების წილი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მაღალ მაჩვენებელზე რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დიდია არშემდგარი აუქციონების რაოდენობა. 2013-2021 წლებში სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით სულ 9,976 აუქციონი გამოცხადდა, რომელთა 46.7% (4,656) ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.

კვლევის თანახმად, პირდაპირი გზით პრივატიზაციის შესახებ მიღებული არასტრუქტურირებული და არასრული მონაცემების მიხედვით, 2013-2020 წლებში, გაფორმდა პირდაპირი პრივატიზაციის 429 კონტრაქტი (რაოდენობაში არ შედის 2015 წლის მონაცემი, რადგან ინფორმაცია ხარვეზიანად იქნა მიწოდებული), საიდანაც 43%-ს სიმბოლური ფასი (1 ლარი) ჰქონდა. პირდაპირი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მთლიანობაში 236 მლნ ლარზე მეტი მიიღო, რომლის დიდი ნაწილიც - 157 მლნ ლარი გაზსადენის გაყვანის მიზნით შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ გადაცემულ უძრავ ქონებას უკავშირდებოდა.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალეა. პროაქტიულად არ არის ხელმისაწვდომი პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია და მთავრობის განკარგულებები. აუქციონების გამარჯვებულთა ვინაობა მხოლოდ მოკლე დროით ქვეყნდება, ხოლო აუქციონის სხვა მონაწილეების ვინაობა კანონით კონფიდენციალურად ითვლება“, - აღნიშნულია კვლევაში.

TI-ს თანახმად, პრივატიზაციის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მრავალ საეჭვო შემთხვევას, რაც კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება მიანიშნებდეს. კერძოდ:

  • 87 შემთხვევაში პრივატიზების აუქციონი ახლადდარეგისტრირებულმა კომპანიამ მოიგო. მათ შორის, 78% (68 ელექტრონული აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით) იქნა მოგებული. 23 ელექტრონულ აუქციონზე კომპანიები აუქციონის მიმდინარეობისას დარეგისტრირდნენ, მათ შორის, 3 შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების დღეს. შედეგად, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 751,660 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 147 შენობა-ნაგებობა გაიყიდა;
  • 29 შემთხვევაში პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი ახლადდარეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 10 შემთხვევაში კომპანიებს 532,183 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 46 შენობა-ნაგებობა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ. საერთო ჯამში, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 860,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 4,619,056 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და 85 შენობა-ნაგებობა გასხვისდა;
  • არის შემთხვევები, როდესაც პრივატიზების აუქციონში/პირდაპირ კონტრაქტს იღებს თანამდებობის პირი ან ოჯახის წევრი, ან ისეთი კომპანია, რომლის მეწილე ან დირექტორი არის თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრი. 2013-2020 წლებში ასეთი 50 შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია 328,860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 45 შენობა-ნაგებობის გაყიდვაზე;
  • 42 აუქციონის/პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში სახელმწიფო ქონება მიიღეს მმართველი პარტიის იმ შემომწირველებმა, რომლებმაც აუქციონის გამოცხადებამდე/მთავრობის განკარგულებამდე მცირე პერიოდით ადრე, ან აუქციონის მოგებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე შესწირეს თანხა. შედეგად, 13,374,167 ლარად 454,627 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 225,666 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 45 შენობა-ნაგებობა გაიყიდა. მყიდველებმა სხვადასხვა დროს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 2,097,000 ლარის შემოწირულება გაიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ არ გააჩნია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის რაიმე კონკრეტული მექანიზმი. 

კვლევის ავტორების განცხადებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში არსებული კორუფციული რისკების შესამცირებლად აუცილებელია: კონკურენციის გაზრდა, გამჭვირვალობის გაზრდა, კორუფციის შემაკავებელი მექანიზმების შექმნა და შესაძლო კორუფციულ შემთხვევებზე რეაგირება.