LIVE

Zipline აპრილიდან COVID19-ის ვაქცინებს დრონით დაარიგებს

05 თებ 202114:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 558
Zipline აპრილიდან COVID19-ის ვაქცინებს დრონით დაარიგებს
Ruth McDowall/AFP via Getty Images

Zipline, კომპანია, რომელიც წამლების მიწოდებას დრონის საშუალებით ახდენს, აცხადებს, რომ აპრილიდან COVID19-ის ვაქცინების ტრანსპორტირებას დაიწყებს. სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპის განცხადებით, ის "COVID-19 ვაქცინების წამყვანი მწარმოებლის" პარტნიორი ხდება.

Zipline არ ამხელს, თუ რომელი კომპანიის პარტნიორი ხდება, თუმცა აღნიშნავს, რომ მან შექმნა სისტემა, რომელსაც პროდუქციის ულტრა დაბალი ტემპერატურის პირობების დაცვით მიწოდება შეუძლია. ცნობილია, რომ Pfizer/BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა -70 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. კომპანიის განმარტებით, ის ულტრა ცივი მაცივრების დამატებას  ყველა სადისტრიბუციო ცენტრში გეგმავს.

Pfizer-ის განცხადებით, ის მხარს უჭერს Zipline–ის მცდელობას, გაფართოვდეს ვაქცინებსა და მედიკამენტებზე წვდომა იმ ქვეყნებში, სადაც გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, მიღწევა რთულია.

Zipline–ის ძრავიანი დრონები GPS–ის მეშვეობით მოძრაობენ და 160 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლიათ. რამდენიმეკილოგრამიანი ტვირთი დანიშნულების ადგილზე პარაშუტის მეშვეობით დაეშვება. კომპანიის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მისმა დრონებმა 4 მილიონ მილზე მეტი  (6 437 376 კმ) დაფარეს და თითქმის 400,000-მდე ტვირთის მიწოდება განახორციელეს.

Zipline დაფარვის არეალს წლების განმავლობაში აფართოებს. 2016 წლიდან ის მედიკამენტებით და სამედიცინო პროდუქტებით რუანდისა და განას სოფლის კლინიკებს ამარაგებს. გასულ წელს პირადი დამცავი აღჭურვილობის მიწოდება ჩრდილოეთ კაროლინის საავადმყოფოებსა და კლინიკებშიც დაიწყო. კომპანიის გეგმით, წლის ბოლოს ამ სიას ნიგერია დაემატება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ირა ბუდვეი