აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს, სხვა თემებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხი წამოჭრა.
სახელმწიფო მდივანმა ლავროვთან New START-ის შეთანხმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა იარაღის ახალი კონტროლის მექანიზმი, რომელიც შეეხება რუსეთის ყველა ტიპის ბირთვული იარაღის კონტროლს და ჩინეთიდან მომავალ მზარდ საფრთხეს.
“მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ს ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს ჩვენს ან ჩვენს მოკავშირეებს", აღნიშნულია განცხადებაში. სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა კონკრეტულად ისაუბრა 2020 წლის აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და SolarWinds–ის კიბერთავდასხმის შესახებ, ნავალნის მოწამვლის ფაქტზე, და საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ.
მდივანი და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ საერთო პრობლემების შესახებ დისკუსიებს განაგრძობენ.
სენატმა ენტონი ბლინკენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე 26 იანვარს დაამტკიცა. დამტკიცებამდე მოსმენის დროს, ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.