LIVE

კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველოს €14 მილიარდიან ფონდთან ექნებოდა წვდომა - მელაშვილი

24 ივნ 202213:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1081
კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველოს €14 მილიარდიან ფონდთან ექნებოდა წვდომა - მელაშვილი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გიორგი მელაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველოს მოკლევადიან პერიოდში წვდომა ექნებოდა, დაახლოებით, €14 მილიარდიან ფონდთან და არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან.

როგორც მელაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, პარალელურად, ქვეყანას შესაძლებლობა ექნებოდა, მეტი უცხოური ინვესტიცია მიეღო. 

„მხოლოდ მოკლე ვადაში და მხოლოდ პირდაპირი ფინანსური დახმარებები, სუბსიდიები და ა.შ. რომ განვიხილოთ, საუბარია 3 ძირითად მიმართულებაზე. პირველი ეს არის ე.წ. გაწევრიანებამდელი მექანიზმი, რაც დაახლოებით არის 14 მილიარდი ევროს ფონდი, რომელიც 4 ძირითადი მიმართულებისგან შედგება და მოიცავს ადმინისტრაციული რეფორმის მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას და სხვა მრავალ მნიშვნელოვან კომპონენტს. საქართველოს პერსპექტივის აღიარების შემდეგ, წვდომა ექნება, ამ ფონდის მხოლოდ ერთ კომპონენტზე, რომელიც არის ადმინისტრაციული რეფორმის მხარდაჭერა.

მეორე გახლავთ ევროკავშირის განვითარების პროგრამები, მათ შორის EBRD, KfW, ასევე სხვა ბანკები და დასავლური ინსტიტუციები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყნის მომზადებას გაწევრიანებისთვის. ბიზნესის შემთხვევაში, ეს ნიშნავს შეღავათიან სესხებს, გარკვეულ სფეროებში პირდაპირ სუბსიდიებსა და ზოგადად, მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას.

მესამე კომპონენტია პროგრამები. საქართველოში ყველამ კარგად იცის Erasmus-ის პროგრამა. ასეთი პროგრამა ევროკავშირს აქვს 11 და კანდიდატ ქვეყნებს ყველა ამ პროგრამაზე აქვთ წვდომა. ჩვენს შემთხვევაში ისევ გაგრძელდება პატარა წვდომა Erasmus-ზე, „ჰორიზონტზე“ და სხვა მცირე პროგრამებზე.

მეოთხე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მოხდებოდა არა პირდაპირ, უშუალოდ ევროკავშირის დროშის ქვეშ, არამედ ირიბად, ეს არის საქართველოთი დაინტერესება ევროპული ბიზნესის. ეს იქნებოდა გააზრება, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ინვესტირებისთვის და შესაბამისად, პირდაპირ წამოვიდოდა FDI, რაც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება. ყველა ამ ინსტრუმენტის ჯამური შესაძლებლობა ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში როცა დაითვალეს, დაახლოებით იყო, დამატებით 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია“, - აღნიშნა გიორგი მელაშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, უპირველეს ყოვლისა მთავრობის დანაშაულია. გიორგი მელაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მომავალ 6 თვეში ევროკავშირს დავანახოთ პოლიტიკური ნება.

„თუ მთავრობა გონს მოეგება, რიტორიკას შეცვლის და პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, ამ შემთხვევაში პირობების შესრულება შესაძლებელია და ჩვენ მოვახერხებთ ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებას“, - აღნიშნა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი - არა. საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.