LIVE

ღარიბაშვილი: რუსეთთან მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს

21 ივნ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 582
ღარიბაშვილი: რუსეთთან მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია “პირდაპირი კონტაქტი და პოლიტიკური კონსულტაცია რუსეთთან 2012 წლის შემდეგ. არსებობს მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები”.

ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან ურთიერთობაზე, უკრაინის მხარდაჭერაზე, სანქციებსა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაგრამ სანქციების დაწესებას არ აპირებს “რისკების გამო”.

“ჩვენ არ შეგვიძლია ეროვნული სანქციების დაწესება რუსეთისთვის. გვაქვს უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები. ჩვენი მოწყვლადობის და ტერიტორიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს გასაგები უნდა იყოს. ავიღოთ მოლდოვას მაგალითი, ასოცირებული ტრიოს წევრის. არც მოლდოვამ დააწესა ნაციონალური სანქციები რუსეთის მიმართ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე. ჩვენ პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ უკრაინას, შევუერთდით ყველა რეზოლუციას, მაგრამ ვფიქრობთ უსაფრთხოების საკითხებზე”,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “საქართველოს აქვს რუსეთთან ტერიტორიული პრობლემა".

"ჯერ ეს უნდა მოგაგვაროთ და მერე გავხდებით ნატოს წევრები. გვესმის ეს მოცემულობა”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, საქართველოსთვის კი არა, “უსამართლო” უწოდა.

“ყველას გვესმის, ეს მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, რომ უკრაინას სტატუსი მისცეს იმის გამო, რომ ომშია. მოლდოვა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკურად. დამსახურების მიხედვით, მიღწევების საფუძველზე, საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. თუმცა, სამივე ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. პირობები ჩაიდო სამივე ქვეყნის შემთხვევაში. მაკრონმა საჯაროდ თქვა, რომ ევროკავშირმა მიიღო სტატუსი იმის გამო, რომ ომშია. ეს იყო ერთგვარი ბონუსი უკრაინისთვის”,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, ყატარში მაღალი დონის ეკონომიკური ფორუმი ყატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.