LIVE

EBRD უკრაინულ Naftogaz-ს €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს

16 ივნ 202212:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 719
EBRD უკრაინულ Naftogaz-ს €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" (EBRD) გაზისა და ნავთობის უმსხვილეს უკრაინულ კომპანია Naftogaz-ს ომის შედეგად ბუნებრივი აირის წარმოების დანაკარგის კომპენსაციისთვის €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს

კომპანია EBRD-ის მიერ გაცემული თანხის პირველ ტრანშს - €50 მილიონს გამოიყენებს გადაუდებელი შესყიდვისთვის, რაც სასწრაფოდ არის საჭირო უკრაინის გაზის სისტემის გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად. კომპანიას სურს, რომ ჯამში €1 მილიარდი მოაგროვოს მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესაძენად, რაც მნიშვნელოვანია შემოდგომისთვის საკმარისი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

"აშკარაა, რომ საჭიროა გადაუდებელი მოქმედება. გაზი საჭიროა: მომავალი გათბობის სეზონისთვის, ელექტროენერგიის წარმოებისთვის და უფრო ფართოდ ეკონომიკის მხარდასაჭერად. გაზის მარაგის შევსება ახლავე უნდა დაიწყოს, რათა შემოდგომაზე სერიოზული შედეგები თავიდან იქნას აცილებული", - განაცხადა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალენ პილოუმ. 

Naftogaz-ის აღმასრულებელი დირექტორის, იური ვიტრენკოს თქმით, EBRD-მა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც შეუძლია ყველაზე რთულ ვითარებაში დაეყრდნონ.

"ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს უკრაინის მდგრადობას. მადლობელი ვართ, რომ EBRD-თან ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინის მოდერნიზებას საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით, როგორც გაზის შესყიდვის, ასევე უკრაინაში ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების კუთხით", - განაცხადა ვიტრენკომ. 

EBRD დონორებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად, მიმდინარე წელს €1 მილიარდს გამოყოფს. NAK-ის €300 მილიონიანი სესხი ამ გეგმის ნაწილია. 

EBRD-ის ყველა ინვესტიცია უკრაინაში ამ პაკეტის ფარგლებში მოიცავს რისკის გაზიარებას. Naftogaz-ის შემთხვევაში, EBRD-ის აქციონერები გარანტიას იძლევიან EBRD-ის მთლიანი სესხის 66%-ზე (€200 მილიონი), რომელიც ასევე მხარდაჭერილია უკრაინის სუვერენული სესხის გარანტიით. პირველადი გადახდის შემდეგ, დონორთა გარანტიები დაფარავს მომდევნო €100 მილიონის გადახდას და საბოლოო €150 მილიონის 66%-ს. 

ენერგეტიკული უსაფრთხოების გარდა, EBRD-ის სესხი გამიზნულია საომარი მოქმედებებით გამოწვეული NAK-ის სამუშაო ძალის გამოწვევების დასაძლევად. ბანკი ასევე აპირებს, რომ გააგრძელოს უკრაინული გაზის ბაზრის ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის მხარდაჭერას. 

EBRD-მა მალევე დაგმო 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრა და პირობა დადო, რომ უკრაინის გვერდით დადგებოდა. აპრილის დასაწყისში, EBRD-ის მმართველთა საბჭომ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელარუსისთვის EBRD-ის ფინანსებსა და ექსპერტიზაზე წვდომის შეჩერებას. ბანკი ხურავს თავის ოფისებს რუსეთსა და ბელორუსში.

EBRD-მა აიღო ვალდებულება, რომ დაეხმარება უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსებას, როდესაც ამის პირობების შეიქმნება.