LIVE

ევროკავშირი ბრიტანეთის წინააღმდეგ სამართლებრივ მოქმედებას განაახლებს

15 ივნ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
ევროკავშირი ბრიტანეთის წინააღმდეგ სამართლებრივ მოქმედებას განაახლებს
John Thys/AFP/Getty Images

ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სამართალწარმოებას განაახლებს მას შემდეგ, რაც ლონდონმა წარმოადგინა კანონმდებლობა, რომელიც Brexit-ის შეთანხმების ნაწილს არღვევს. განცხადება ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Bloomberg-თან გააკეთა.

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, გაერთიანებული სამეფოს გეგმა საერთაშორისო შეთანხმების ცალმხრივად გაუქმების შესახებ საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ევროპული სასამართლოს როლის გაუქმება დავების მართვაში გამორიცხულია.

ბლოკის მიერ დაწყებული ახალი სამართალდარღვევის საქმეები ეხება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის სანიტარული და ფიტოსანიტარიული წესებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. 

ევროკომისიამ ფორმალური პროცესი 2021 წლის მარტში ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის იმპლემენტაციის გამო დაიწყო, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე და ქმნის საბაჟო საზღვრებს გაერთიანებულ სამეფოსთან. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ მაშინ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ცალმხრივი გადაწყვეტილებები და საერთაშორისო სამართლის დარღვევა ძირს უთხრის ნდობას ბრიუსელსა და ლონდონს შორის.

პროტოკოლის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გასულ წელს შეჩერდა, რათა მხარეებს მოლაპარაკების სივრცე ჰქონოდათ. დარღვევის პროცედურებმა შეიძლება საბოლოოდ გაერთიანებული სამეფოსთვის ფინანსური ჯარიმები გამოიწვიოს, მაგრამ საქმეები მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შემოთავაზებული კანონმდებლობის გამო დაპირისპირებაში შედის საკუთარ კონსერვატიულ პარტიასთან. ახალი კანონმდებლობა მინისტრებს მისცემს უფლებამოსილებას, ცალმხრივად გადაწერონ პროტოკოლის დიდი ნაწილი. კანონპროექტს, სავარაუდოდ, პრობლემები შეექმნება ლორდთა პალატაში, სადაც არაერთხელ შეაჩერეს ბრექსიტის შეთანხმების გაუქმების მცდელობა.

კანონპროექტი მინისტრებს საშუალებას მისცემს შემოიღონ მწვანე და წითელი სავაჭრო არხები, რომლებიც გამოყოფენ საქონელს, რომელიც მხოლოდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის გაივლის ევროკავშირისთვის განკუთვნილი საქონლისგან განცალკევებით. ის ასევე ჩამოართმევს ECJ-ს როლს Brexit-ის შეთანხმების შესახებ დავების გადაწყვეტაში და სანაცვლოდ, დამოუკიდებელ საარბიტრაჟო პანელს მისცემს საშუალებას, იმსჯელოს სამართლებრივ საკითხებზე.

ევროკავშირისთვის მოქმედების ვარიანტები მოიცავს ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულების შეჩერებას, გაერთიანებული სამეფოს კომპანიებს ერთიან ბაზარზე პრივილეგირებული წვდომისა და გიბრალტარის სტატუსზე მოლაპარაკებების შეწყვეტას.

ჯონსონის მინისტრებმა შეცვალეს პროტოკოლის ხელახალი დაწერის დასაბუთება და ყურადღება გაამახვილეს ვაჭრობის შეფერხებებსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მყიფე პოლიტიკის საფრთხეზე. დემოკრატიულმა იუნიონისტმა პარტიამ უარყო რეგულაციები და პროტოკოლის გაუქმებამდე უარს ამბობს კუთვნილი ადგილის დაკავებაზე ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუბოვ პრონინა