უკრაინის სასამართლომ დააყადაღა მინერალური წყლის კომპანიაში რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის საკუთრებაში არსებული წილები და აქტივები, რომელთა საერთო ღირებულება 53.4 მილიონი გრივნაა ($1.81 მილიონი). ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საწარმო, კვიპროსული კომპანიების გავლით, რუს ოლიგარქს ეკუთვნის. ბიურო მილიარდერის სახელს არ ამხელს, თუმცა უკრაინული მედია ღიად წერს, რომ საუბარია მიხეილ ფრიდმანზე.
უკრაინაში ფრიდმანი პარტნიორებთან, გერმან ხანთან და პეტრ ავენთან ერთად, ფლობს IDS Group Ukraine-ს, საერთაშორისო ჯგუფის IDS Borjomi International-ის შვილობილ კომპანიას. გარდა იმისა, რომ ის Borjomi-ის წყლის ექსკლუზიური იმპორტიორია უკრაინაში, იგი წარმოდგენილია მთელი რიგი ბრენდებით, კერძოდ, Morshynska და Mirgorodska წყლებით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყადაღა სწორედ Morshynska-ს აქტივებს დაედო.
გამოძიების თანახმად, ფრიდმანი, პარტნიორებთან ერთად ცდილობდა, თავიდან აეცილებინა შესაძლო სანქციები და აქტივების ნაციონალიზაცია და ამ მიზნით, გეგმავდა უკრაინაში არსებული აქტივების დამალვას.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფრიდმანის სანქცირებამ პრობლემა შეუქმნა ბორჯომის წარმოებას საქართველოში. კერძოდ, IDS BORJOMI International-მა, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, საქართველოში ბორჯომის წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა. დღეს ცნობილი გახდა, რომ „ბორჯომის“ მმართველი კომპანიის, ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1 104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.
გარიგების შედეგად IDS BORJOMI International-ის წილები ასე გადანაწილდა:
-
ERASMONY LIMITED - აქციების 49.99%;
-
Black Waters Limited - აქციების 38.48%;
-
საქართველოს სახელმწიფო - აქციების 7.73%;
- მინორიტარი აქციონერები - აქციების 3.79% (ბორჯომის ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი).
IDS Borjomi International მინერალური წყლების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა. მისი ნაწილია IDS Borjomi Georgia, რომელიც საქართველოში "ბორჯომის" ოფიციალური მწარმოებელია. IDS Borjomi International ბალტიისპირეთისა და დსთ-ს ქვეყნებში ოპერირებს და საქართველოს გარდა მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიები უკრაინასა და რუსეთშიც აქვს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვა გავლენიან პირებთან ერთად, მიხეილ ფრიდმანს სანქციები აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა.