LIVE

ლარის ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება - TBC Capital

13 ივნ 202212:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 802
ლარის ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება - TBC Capital

„თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ლარის საშუალო კურსის კუთხით, ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება. მაკრო მიმოხილვის მიხედვით, ახლო მომავალში, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა შედარებით ნაკლებია.

„ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე, რაც როგორც ჩანს უფრო სამომავლო პერსპექტივაა, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა ახლო მომავალში შედარებით ნაკლებია“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.

მაღალი ინფლაციის მიუხედავად, „თიბისი კაპიტალი“ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ ელის და ამასთან, მიუთითებს, რომ ლარის შემდგომი გაძვირება ხელს უშლის ლარიზაციის პროცესს.

„არ არის აუცილებელი ლარში გამკაცრებამ ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ეფექტის გარდა, ლარის გამყარება აუმჯობესებს სამომხმარებლო და ბიზნესგანწყობებს და ამით, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა პირიქით ჩქარდება.

თავის მხრივ, სავალუტო შემოდინებები ისედაც ძლიერია და დამატებითი გამკაცრების გარეშეც ლარის გამყარება ვფიქრობთ, რომ სწორედ საბაზო სცენარია“, - აცხადებენ „თიბისი კაპიტალში".

მიმოხილვის ავტორებმა საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-იდან თითქმის 8%-მდე გაზარდეს.

„ზრდის ფაქტორების მხრივ, მომატებულია ტურიზმის, გზავნილების, დაკრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და იმპორტის მოლოდინები. 

ექსპორტის მხრივ, წინა შეფასებასთან შედარებით, მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის დეფიციტი კი უფრო ნაკლებ ნიშნულზეა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

„თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაცია კვლავ პრობლემურია.

„წლის ბოლოსათვის წინა, 9.5%-იანი პროგნოზი მხოლოდ მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია. თუმცა, იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში ლარი დამატებით გამყარდება“, - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ მაისში „თიბისი კაპიტალი“ ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნების არსებობაზე მიუთითებდა.   

ცნობისთვის, ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2.96 ლარად ივაჭრება.