Microsoft-ი რუსეთში ბიზნესს არსებითად ამცირებს. კომპანია ცნობილი ტექნოლოგიური ფირმების სიას უერთდება, რომლებიც ამცირებენ ოპერაციებს ან საერთოდ ტოვებენ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
"ეკონომიკურ პერსპექტივაში ცვლილებებისა და რუსეთში ჩვენს ბიზნესზე გავლენის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად შევამციროთ ოპერაციები რუსეთში. გავაგრძელებთ რუს მომხმარებლებთან არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას, თუმცა ახალი გაყიდვების შეჩერება ძალაში რჩება",- განაცხადა კომპანიამ.
კომპანიის სპიკერის თქმით, გადაწყვეტილება 400-ზე მეტ თანამშრომელზე მოახდენს გავლენას.
"მჭიდროდ ვმუშაობთ დაზარალებულ თანამშრომლებთან, რათა ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა ამ რთულ პერიოდში“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მარტში კომპანიამ რუსეთში პროდუქციისა და მომსახურების ახალი გაყიდვები შეაჩერა, მაგრამ აგრძელებდა არსებული მომხმარებლების მხარდაჭერას და იქ ოფისების შენარჩუნებას.
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები, სხვა ინდუსტრიების წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთში საქმიანობას უკრაინაში შეჭრის შემდეგ წყვეტენ. IBM-მა ასევე მარტში განაცხადა, რომ ბიზნეს ოპერაციების შეჩერებას იწყებს. Apple-მა და Nike-მა რუსეთში გაყიდვები შეაჩერეს. პროგრამული უზრუნველყოფის გერმანულმა მწარმოებელმა SAP-მა კი აპრილში განაცხადა, რომ რუსეთიდან გასვლისკენ დგამს ნაბიჯებს და გეგმავს, შეწყვიტოს შიდა პროდუქტების მხარდაჭერა და ღრუბლოვანი სერვისების შეთავაზება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ბასი