LIVE

ღარიბაშვილი: "ბორჯომის" აქციონერი ჩვენ გავხდებით

06 ივნ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 902

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ბორჯომის“ აქციონერი საქართველოს მთავრობა გახდება.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამით არსებული პრობლემები მოგვარდება.

„ეკონომიკის სამინისტრომ მოლაპარაკებები პრაქტიკულად დაასრულა. ერთი კვირის თავზე მთავრობაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერი ჩვენ გავხდებით, სახელმწიფო “ბორჯომის“ თანამფლობელი გახდება და ამით ეს პრობლემაც მოგვარდება.

ვიცი, რომ გარკვეული სირთულეებია, დასაქმებულები აპროტესტებენ, უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია, მინდა ყველას ვუთხრა, არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „IDS ბორჯომმა“, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა

19 მაისს IDS BORJOMI International-მა მისი მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის, აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, ოფიციალური შეთავაზების წარდგენა დააანონსა.

ამასთან, დღეს, "IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს. გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან გათავისუფლებული 49 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ. დღესვე განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების თანახმად, მედიატორი დაინიშნა, რომელიც „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში ჩაერთვება.