ნიუ-იორკში კანონმდებლებმა მიიღეს კანონპროექტი ბიტკოინის მოპოვების გარკვეული ოპერაციების აკრძალვის შესახებ. რეგულაცია შეეხება მაინერებს, რომლებიც ნახშირბადზე დაფუძნებულ ენერგიის წყაროებზე მუშაობენ.
კანონპროექტს ხელი გუბერნატორმა კეტი ჰოჩულიმ უნდა მოაწეროს. ასეთ შემთხვევაში, ნიუ-იორკი გახდება პირველი შტატი ქვეყანაში, რომელიც აკრძალავს ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ამბობს ციფრული კომერციის პალატის დამფუძნებელი და პრეზიდენტი პერიან ბორინგი.
ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აკრძალვას შეუძლია დომინოს ეფექტი ჰქონდეს შეერთებულ შტატებში, რომელიც ამჟამად ლიდერობს ბიტკოინის მაინინგ ინდუსტრიაში და შეადგენს მსოფლიოს მაინერების 38%-ს.
კანონპროექტი ითხოვს ორწლიან მორატორიუმს კრიპტოვალუტის მაინინგის ოპერაციებზე, რომლებიც იყენებენ ავთენტიფიკაციის მეთოდებს ბლოკჩეინ ტრანზაქციების დასადასტურებლად. ბიტკოინების შესაქმნელად გამოიყენება სამუშაოს დამადასტურებელი მაინინგი, რომელიც კომპლექსურ აღჭურვილობას და დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოითხოვს. Ethereum-ი გადადის ნაკლებად ენერგოინტენსიურ პროცესზე, მაგრამ გააგრძელებს ამ მეთოდის გამოყენებას სულ მცირე რამდენიმე თვის განმავლობაში.
კანონპროექტის თანახმად, თუ სამუშაოს დამადასტურებელი მაინინგის კომპანია არ გამოიყენებს 100%-ით განახლებად ენერგიას, არ მიეცემა უფლება, გააფართოოს ან განაახლოს ნებართვები, ხოლო ახალ მაინერებს არ მიეცემათ ქსელთან დაკავშირების საშუალება.
ამის პირდაპირი ეფექტი, ბორინგის თქმით, იქნება ნიუ-იორკის ეკონომიკის შესუსტება, რადგან ბიზნესები იძულებულნი არიან სამუშაო ადგილები სხვაგან გადაიტანონ.
“ეს არის სახელმწიფოს დიდი მარცხი და ჩაახშობს მის, როგორც ტექნოლოგიებისა და გლობალური ფინანსური სერვისების ლიდერის მომავალს. რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების დაკარგვას”, - განუცხადა ბორინგმა CNBC-ს.
ამ მოსაზრებას ეხმაურება Galaxy Digital-ის წარმომადგენელი ამანდო ფაბიანო, რომელიც ამბობს, რომ “ნიუ-იორკი ქმნის ცუდ პრეცედენტს, რომელსაც სხვა შტატებმა შეიძლება მიბაძონ”.
კანონპროექტის ერთი ნაწილი მოითხოვს გარემოზე ზემოქმედების შესწავლას ნიუ-იორკის კლიმატის მიზნების შესასრულებლად.
ბორინგმა განუცხადა CNBC-ს, რომ წლევანდელი შემოთავაზებული აკრძალვის მხარდაჭერის ბოლოდროინდელი ზრდა დიდ კავშირშია მდგრად ენერგიაზე გადასვლის მიზანთან.
თუმცა, ბორინგმა მორატორიუმის ირონიაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ “რეალურად ბიტკოინის მაინინგის ინდუსტრია ლიდერობს ამ კანონის აღსრულების თვალსაზრისით”.
ბიტკოინის მაინინგ ინდუსტრიის მდგრადი ენერგეტიკული ბალანსი დღეს 60%-ზე ნაკლებად არის შეფასებული, ხოლო ციფრული ვაჭრობის პალატამ დაადგინა, რომ მდგრადი ენერგეტიკული ბალანსი ნიუ-იორკის შტატში 80%-ს უახლოვდება.
„ნიუ-იორკში მარეგულირებელი გარემო ხელს უშლის განახლებადი ენერგიის ახალ მაინერებს ბიზნესის კეთებაში, შემდგომი დერეგულირების შესაძლებლობის გამო”,- განაცხადა ჯონ უორენმა, ინსტიტუციური ხარისხის ბიტკოინის მაინინგ კომპანია GEM Mining-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ნიუ-იორკის შტატის ელექტროენერგიის მესამედი განახლებადი წყაროებიდან მოდის. შტატში არსებული ატომური ელექტროსადგურები აკმაყოფილებენ 100%-ით ნახშირბადისგან თავისუფალი ელექტროენერგიის წარმოების მიზანს და სახელმწიფო აწარმოებს უფრო მეტ ჰიდრო ელექტროენერგიას, ვიდრე კლდოვანი მთების აღმოსავლეთით მდებარე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო.
შტატს ასევე აქვს ცივი კლიმატი, რაც ნიშნავს, რომ ნაკლები ენერგიაა საჭირო კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად გამოყენებული კომპიუტერების გასაგრილებლად.
აპრილში, მაიამიში, ბიტკოინ 2022-ის კონფერენციაზე საუბრისას, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და ნიუ-იორკელმა ენდრიუ იანგმა განუცხადა CNBC-ს, რომ როდესაც ესაუბრებოდა ინდუსტრიის წარმომადგენლებს, აღმოაჩინა, რომ მაინინგის ოპერაციები შეიძლება დაეხმაროს განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის გაზრდას.
ციფრული ვალუტის კომპანია Foundry-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ნიუ-იორკის წილი ბიტკოინის მაინინგის ქსელში 20%-დან 10%-მდე დაეცა ბოლო რამდენიმე თვეში, რადგან მაინერებმა დაიწყეს მიგრაცია კრიპტოვალუტის უფრო მეგობრულ იურისდიქციებში.
“ჩვენს კლიენტებს ეშინიათ ინვესტიციის ჩადება ნიუ-იორკის შტატში. Foundry-ის 500 მილიონი დოლარის კაპიტალის ინვესტიციიდანაც კი, 5%-ზე ნაკლები წავიდა ნიუ-იორკში არამეგობრული პოლიტიკური ლანდშაფტის გამო”, - განაცხადა Foundry's-ის წარმომადგენელმა, კევინ ჟანგმა.
თუ გუბერნატორი ხელს მოაწერს კანონს კრიპტოვალუტის მაინინგზე მორატორიუმის შესახებ, ამას შეიძლება მრავალი შედეგი მოჰყვეს.
რამდენიმე მაინერი აღნიშნავს, რომ არსებობს ბევრი უფრო მეგობრული იურისდიქცია: ჯორჯიის შტატი, ჩრდილოეთ კაროლინა, ჩრდილოეთ დაკოტა, ტეხასი და ვაიომინგი გახდნენ მთავარი მაინინგ მიმართულებები.
მაგალითად, ტეხასს ჰყავს კრიპტო-მეგობრული კანონმდებლები, დერეგულირებული ელექტროქსელი რეალურ დროში ადგილზე ფასებით და ხელმისაწვდომობა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან რაოდენობაზე.
პარალელურად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აყალიბებს ბიტკოინის მაინინგის საკუთარ პოლიტიკას ენერგიის მოხმარებისა და ემისიების შესამცირებლად.
თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ოფისი სწავლობს ურთიერთობას განაწილებულ ტექნოლოგიასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლას შორის, ამ ტექნოლოგიების პოტენციალს, ხელი შეუშალოს ან შეუწყოს კლიმატის ცვლილების ძალისხმევას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და ამ ტექნოლოგიების გარემოზე ზემოქმედებას.
თეთრი სახლი განიხილავს იმ როლს, რომელიც ამ ტექნოლოგიებმა შეიძლება შეასრულოს სათბურის გაზების ემისიების აღრიცხვაში, ისევე როგორც პოტენციურად სუფთა ელექტროქსელის მხარდაჭერაში.
ისინი ასევე “იკვლევენ გავლენას ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, მათ შორის, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიონ კრიპტოვალუტებმა ქსელის მართვასა და საიმედოობაზე”.