გარკვეული დროის განმავლობაში ყოყმანის შემდეგ, ევროკავშირი რუსული ნავთობის უმეტესი წილის ემბარგოზე შეთანხმდა. ურალის ნედლი ნავთობის ძვირადღირებული ბრენტის ტიპის ნავთობით ჩანაცვლება ბლოკში ელექტროენერგიის ისედაც გაზრდილ გადასახადებს კიდევ უფრო გაზრდის.
Rstad Energy-ს მონაცემებით, ევროკავშირი დღეში 3-დან 3.7 მილიონ ბარელამდე ურალის ტიპის ნავთობს ყიდულობს. ამ მოცულობის 75%-ის 120 დოლარის ღირებულების ბრენტის ტიპის ნავთობით ჩანაცვლება თვეში დანახარჯების სულ მცირე $2 მილიარდით ზრდას ნიშნავს.
თუმცა, ევროკავშირის ეს ნაბიჯი მოსკოვის საექსპორტო შემოსავლის ყველაზე მომგებიანი წყაროს შეწყვეტას და ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დაფინანსების შეჩერებას შეუწყობს ხელს.
სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული, ითვალისწინებს ევროპის რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის 75%-ის დაუყოვნებლივ აკრძალვას. წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 90%-მდე გაიზრდება. ნაწილობრივი ემბარგოს დაწესების მიზანია, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი, რუსული ნავთობის მილსადენებით იმპორტის შესაძლებლობა მიეცეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ემბარგო სრული არაა, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან. რუსეთის ნედლი ნავთობისა და კონდენსატების ექსპორტი $110 მილიარდს აღწევს. ეს თანხა 2021 წელს რუსეთის მთლიანი ექსპორტის მეხუთედზე მეტს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის სხვა ქვეყნებში გადაზიდვა უფრო მარტივია, ვიდრე გაზის, რუსეთს გაუჭირდება მთლიანად ჩაანაცვლოს ბლოკში აკრძალული ექსპორტის მოცულობები.
RBC-ს ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის რეკორდულ მოცულობებს დიდი ფასდაკლებით ყიდულობს, ის გადამამუშავებელ ქარხნებს უკვე ოფიციალურ სიმძლავრეზე მეტი ძალით ამუშავებს.
ჩინეთს ჯერ არ გაუზრდია იმპორტი, მაგრამ Covid შეზღუდვების გამო ახლა ქვეყნის ეკონომიკა ისედაც შენელებულია.
მიმდინარე ფასებით, დღეში 3 მილიონი ბარელის ექსპორტით, რუსეთს თვეში სულ მცირე $8,1 მილიარდის გამომუშავება შეეძლო. Rystad-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ექსპორტი, კრემლისთვის საუკეთესო შემთხვევაშიც კი, დღეში 1,75 მილიონ ბარელამდე შემცირდება.
გამოთვლები გვიჩვენებს, რომ რუსეთი ემბარგოს საწყის ფაზაში თვეში სულ მცირე $3,4 მილიარდს, ანუ ევროკავშირში ყოველთვიური საექსპორტო შემოსავლის 40%-ზე მეტს დაკარგავს. ზარალი შეიძლება გაიზარდოს თვეში სულ მცირე $4,5 მილიარდამდე, როგორც კი ნავთობის იმპორტის სრული აკრძალვა შევა ძალაში.
შესაბამისად, ნავთობის ემბარგო უფრო მეტად დააზარალებს რუსეთს, ვიდრე ევროპას.