გაერთიანებულ სამეფოში მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მატებასთან ერთად, ევროპელი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ქვეყნებს მოუწოდებენ გადახედონ ვაქცინების ხელმისაწვდომობას და გააძლიერონ ძალისხმევა ახალი შემთხვევების აღმოსაჩენად.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის განცხადებით, ქვეყნებმა უნდა იზრუნონ ჯანდაცვის მუშაკებისთვის ყვავილის ვაქცინების, ანტივირუსული თერაპიისა და დამცავი აღჭურვილობის მიწოდებაზე.
ცენტრმა რეკომენდაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინგლისმა განაცხადა, რომ 7 მაისის შემდეგ, ქვეყანაში შემთხვევების რიცხვი თითქმის გასამმაგდა და 20-დან 56-მდე გაიზარდა.
ყვავილის ვირუსის მონათესავე დაავადება ბოლო დრომდე ძირითადად აფრიკის რეგიონებში ფიქსირდებოდა. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მაიმუნის ყვავილის შემთხვევების მზარდი რიცხვის გამო, ჯანდაცვის ორგანოები შეშფოთებულნი არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 21 მაისის მდგომარეობით, აფრიკის გარეთ, 12 ქვეყანაში 92 დაზუსტებული და 28 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.
დანიური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bavarian Nordic, რომელიც მაიმუნის ყვავილის პრევენციისთვის დამტკიცებული ვაქცინის ერთადერთი მწარმოებელია, ვაქცინების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ქვეყანასთან, სადაც შემთხვევები უკვე გამოვლინდა.
კომპანიის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის წარმოება შეიძლება წელიწადში 30 მილიონ დოზამდე გაიზარდოს.
კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას ყვავილისა და მაიმუნის ყვავილის ვაქცინის, Jynneos-ის შესაძენად $119 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.
ეს არის ერთ-ერთი ვაქცინა სამიდან, რომელიც ყვავილის წინააღმდეგ აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის" (FDA) მიერ არის დამტკიცებული.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მჭიდრო კონტაქტით, მათ შორის სექსუალური გზით გავრცელების ალბათობა მაღალია, სპეციალისტები პოპულაციაში ფართო გავრცელებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. უახლესი შემთხვევების მიხედვით, დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მსუბუქია.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის კი ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
მაიმუნის ყვავილის კლინიკა ძირითადად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (მეტწილად 7-14 დღე).
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს პატონი