ჩინეთში რუსული ენერგორესურსების იმპორტის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. ჩინეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვები 75%-ით გაიზარდა და $6 მილიარდს გადააჭარბა.
ჩინეთის საბაჟოს მონაცემებით, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, წინა წელთან შედარებით, 80%-ით გაიზარდა და 463 000 ტონა შეადგინა.
ჩინეთში რუსული ენერგიის იმპორტის ზრდა ფიქსირდება იმ დროს, როცა ქვეყანაში "ლოკდაუნების" ფონზე ენერგეტიკაზე მოთხოვნა შემცირებულია. ომის ფონზე გაზრდილი ფასების პირობებში, ჩინეთის მიერ მინერალური საწვავის შესყიდვის ღირებულებამ $6,42 მილიარდს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ აპრილში ჩინეთის მთლიანი იმპორტის 72% მისი სტრატეგიული პარტნიორის ენერგეტიკასთან იყო დაკავშირებული.
გაზის მოცულობის მაჩვენებლები არ მოიცავს მილსადენის მეშვეობით მიღებულ იმპორტს, რომლის მონაცემებიც წლის დასაწყისის შემდეგ უცნობია.
ნედლი ნავთობის იმპორტი ჩინეთში წელიწადში 4%-ით გაიზარდა და 6,55 მილიონ ტონას მიაღწია. ჩინეთის ენერგეტიკის მთავარი წყარო საუდის არაბეთია, მეორე ადგილს კი რუსეთი იკავებს.
პეკინი დისკუსიებს აწარმოებს მოსკოვთან, რათა შეავსოს თავისი სტრატეგიული მარაგები იაფი რუსული ნავთობით, რაც იმის ნიშანია, რომ ენერგეტიკული კავშირები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაძლიერდება.
ნედლი ნავთობის ფასი დაეცა, რადგან მყიდველები ცდილობენ, თავი აარიდონ რუსეთთან თანამშრომლობას, რათა არ დააზიანონ საკუთარი რეპუტაცია ან არ დაარღვიონ დაწესებული ფინანსური სანქციები. ეს აძლევს შესაძლებლობას ჩინეთს, იაფად შეავსოს სტრატეგიული რეზერვები, რომლებიც, როგორც წესი, საგანგებო სიტუაციების ან უეცარი შეფერხებების დროს გამოიყენება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აილინ ტენი