1955 წლის Mercedes-Benz 300 SLR Uhlenhaut Coupé 5 მაისს გერმანიაში ფარულ აუქციონზე 135 მილიონ ევროდ ($142 მილიონად) გაიყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ წარსულში, შესაძლოა, ავტომობილის უფრო მაღალ ფასად გაყიდვის კერძო გარიგებაც იყოს შემდგარი, მიმდინარე თვეში Mercedes-ის მანქანის გაყიდვამ მოხსნა საზოგადოებისთვის ცნობილი არსებული რეკორდი. 2018 წელს 1962 წლის Ferrari 250 GTO Sotheby's-ის აუქციონზე $48,4 მილიონად გაიყიდა.
"გვინდოდა, ერთი მოქმედებით გამოგვეჩინა Mercedes-ის ბრენდის ძალა", - თქვა Mercedes-Benz-ის თავმჯდომარემ, ოლა კალენიუსმა, რომელმაც ავტომობილის გაყიდვა 18 მაისს დაადასტურა.
ის ერთ-ერთია ისრის ფორმის ვერცხლის ორი კუპედან, რომელიც Mercedes-მა გამოუშვა. ავტომობილს კერძო მფლობელი არასდროს ჰყოლია.
"ეს მანქანა 100%-ით ღირს ის, რა ფასადაც გაიყიდა. ზოგიერთი გეტყვით, რომ ეს თანხა ნაკლებიცაა. არავის ეგონა, რომ Mercedes მას გაყიდდა", - ამბობს საავტომობილო ბროკერი, სტივენ სერიო, რომელიც მდიდარ კლიენტებს იშვიათ მანქანებს სთავაზობს.
Mercedes ავტომობილის მფლობელის ვინაობას არ ამხელს. შტუტგარტში გამართულ აუქციონზე ათეულობით დაინტერესებული პირი იყო მიწვეული.
SLR Uhlenhaut Coupé-ის ფასის მიზეზი მისი იშვიათობა და მნიშვნელობაა.
ახალ მფლობელს ავტომობილის მართვა შეეძლება, თუმცა, გარიგების პირობის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ის მეორე SLR კუპესთან ერთად, წარმოდგენილი იქნება შტუტგარტში Mercedes-ის მუზეუმში.
ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული თანხა მოხმარდება Mercedes-Benz-ის ფონდის დაარსებას. არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც კომპანიის მმართველობაში იქნება, გასცემს სტიპენდიებს მდგრადობის, ინჟინერიის, მათემატიკისა და მეცნიერების სფეროებში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰანა ელიოტი