LIVE

მსოფლიო ეკონომიკაში დეფიციტის ეპოქა $1,6 ტრილიონიანი დანაკარგით იწყება

29 მაი 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 755
მსოფლიო ეკონომიკაში დეფიციტის ეპოქა $1,6 ტრილიონიანი დანაკარგით იწყება

კავშირები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკას აერთიანებს და მთელ მსოფლიოში საქონლის უხვად მიწოდებას უზრუნველყოფს, საშინელი ტემპით იშლება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ჩინეთის "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა მიწოდების ჯაჭვებს მნიშვნელოვნად აზიანებს, აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ინფლაციას რეკორდულ მაქსიმუმებამდე ზრდის. ეს ის მთავარი მიზეზებია, რატომაც Bloomberg Economics-მა 2022 წელს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) პროგნოზი $1,6 ტრილიონით შეამცირა.

როგორ განვითარდება მოვლენები თუ ეს მხოლოდ თავდაპირველი დარტყმაა? რადგან ომი და პანდემია მუდმივად არ გაგრძელდება, ლეგიტიმური კითხვაა. თუმცა, ძირითადი პრობლემა, სამყარო, რომელიც სულ უფრო მეტად იყოფა გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, მხოლოდ უარესდება.

ამიტომ, Bloomberg Economics-მა შექმნა სიმულაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს გლობალიზაციის დაჩქარებული შემობრუნება გრძელვადიან პერსპექტივაში. შედეგები მნიშვნელოვნად გაღარიბებულ და ნაკლებად პროდუქტიულ პლანეტაზე მიუთითებს. ვაჭრობა, სავარაუდოდ, დაუბრუნდება დონეს, რომელიც ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან შეერთებამდე არსებობდა. დამატებითი დარტყმა კი ინფლაცია იქნება, რომელიც სავარაუდოდ, უფრო გაიზრდება და გაძლიერდება.

სამი დეკადის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკის განმსაზღვრელი მახასიათებელი მისი უნარი იყო, ეწარმოებინა მეტი საქონელი უფრო დაბალ ფასად. თუმცა, უკანასკნელი მოვლენები განვითარებული ეკონომიკისთვის ახალ პრობლემას ქმნის, რომელიც მათ დიდი ხნის წინ თითქოს გადალახეს. განვითარებადი ერები შესაძლოა, ენერგიის და საკვების უსაფრთხოების გაზრდილი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორც ეს უკვე გამოცადა შრი-ლანკამ და პერუმ. მაღალ ფასებთან გამკლავება ყველას მოუწევს.

მხოლოდ ერთი შეხედვით, ყველაფერი ეს გლობალური რღვევის ნაწილია, რომელიც დასავლურ დემოკრატიას და თავისუფალ ბაზარს ჩინურ და რუსულ ავტორიტარიზმთან აპირისპირებს. თუმცა, აუცილებელი არ არის დაპირისპირებულ მხარეებს შორის რკინის ფარდა წარმოვიდგინოთ იმისთვის, რომ ამ პროცესის სავარაუდო ხარჯები დავინახოთ.

გლობალური ჩამოშლის რისკის საილუსტრაციოდ Bloomberg Economics-მა გლობალური ეკონომიკის მოდელში ყველა ასეთი ტრაფიკისთვის 25%-იანი ტარიფი შემოიღო. ეს უმაღლესი დონეა, რომელიც აშშ-მა და ჩინეთმა ერთმანეთის წინააღმდეგ დააწესეს. თუმცა, ის ასევე შეიძლება გამოხატავდეს სხვა შეფერხებებს, როგორიცაა ექსპორტის აკრძალვა ან სანქციები. მოდელის მიხედვით, გლობალური ვაჭრობა 20%-ით შემცირდა იმ სცენართან შედარებით, სადაც ეს დაპირისპირებები არ არსებობდა.

ვაჭრობასთან დაკავშირებული პროდუქტიულობის რაღაც ნაწილი დაიკარგება. გრძელვადიან შედეგებში კი გლობალიზაციის 1990-იანი წლების დონემდე დაბრუნება მსოფლიოს 3.5%-ით გააღარიბებს. ეს იმ სცენართან შედარებით, სადაც ვაჭრობა მიმდინარე დონეზე სტაბილურდება, მაგრამ სცენართან შედარებით, სადაც გლობალური კავშირები ძლიერდება, ზარალის პროცენტულობა 15%-მდე იზრდება.

ყველაფერთან ერთად, ჩინეთის 1,4 მილიარდიანი მოსახლეობა არასაკმარისად დაცულია ვირუსისგან. ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ ბოლო კვლევის მიხედვით, ომიკრონის ნებაზე მიშვებამ შესაძლოა ქვეყანაში 1,6 მილიონი სიკვდილი გამოიწვიოს. ასე რომ პეკინს ბრუტალური ლოკდაუნების გარდა სხვა ვარიანტი არ აქვს. შედეგად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა გამანადგურებელ დარტყმას იღებს. დანარჩენ მსოფლიოს მიწოდების ჯაჭვებს ამის გამო კიდევ უფრო მეტი შეფერხებები ემუქრება, რადგან ჩინური ქარხნები მუშაობას წყვეტენ, ხოლო სატვირთო გემები უსაქმურად დაცურავენ შანხაის პორტს გარეთ.

თუმცა, აშშ-ისა და ევროპის ეკონომიკებისთვის საფრთხე მხოლოდ ჩინეთის Covid-პოლიტიკის ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შედეგებით არ შემოიფარგლება. ისინი ასევე შეიძლება პირდაპირი შურისძიების სამიზნეებიც აღმოჩნდნენ.

2022 წელს, როდესაც სავაჭრო ომის ტარიფები ჯერ კიდევ ძალაშია, Covid-ის კრიზისი მიწოდების ჯაჭვების ლოკალიზაციის კუთხით ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს.

ომისა და პანდემიის შედეგად მიღებული შოკების ინტენსივობა გაქრება, მაგრამ ძალები, რომლებიც დეგლობალიზაციას ამოძრავებენ - არა. დაბალი ეკონომიკური ზრდის, მაღალი ფასების და გაზრდილი არასტაბილურობისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომ ორლიკი