LIVE

Coldplay მსოფლიოში ყველაზე იაფ ტურნეს ატარებს

22 მაი 202213:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 2001
Coldplay მსოფლიოში ყველაზე იაფ ტურნეს ატარებს

ნავთობის, საკვების და სასტუმროების ფასების მკვეთრი ზრდის პარალელურად, Coldplay საპირისპირო მიმართულებით მიდის. ჯგუფის კონცერტზე დასასწრები ბილეთი საშუალოდ $77.80 ღირს, რაც სხვა ტოპ გამოსვლების ბილეთის ფასებზე სულ მცირე 25%-ით ნაკლებია.

მაგალითისთვის, Coldplay-ის ბილეთის საშუალო ფასი იმის ნახევარზე ნაკლებია, რაც Bad Bunny-ის კონცერტზე დასწრება ჯდება, რომელიც მიმდინარე წელს ტურებისთვის ყველაზე მაღალ შემოსავლიანი შემსრულებელია. ჯგუფის კონცერტზე დასასწრები ბილეთი ასევე იმაზე ნაკლები ღირს, ვიდრე 5-6 წლის წინ ღირდა.

შედარებითი ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. მარტის და აპრილის თვეებში Coldplay-მ აქტებს შორის ყველაზე მეტი ბილეთი გაყიდა. 11 ლოკაციაზე, მექსიკისა და დომინიკის რესპუბლიკის ჩათვლით, ბენდმა სტადიონები მთლიანად შეავსო და ჯამში $40 მილიონი შეაგროვა, რაც მხოლოდ Bad Bunny-ის გაყიდვებს ჩამოუვარდება.

კონცერტების ბილეთების გაყიდვებმა მარტის და აპრილის თვეებში Coldplay Bloomberg-ის პოპ ვარსკვლავების ტოპ 10-ში ოლივია როდრიგოსა და Doja Cat-ს შორის მოახვედრა.

ბოლო წლების განმავლობაში ბენდის მუსიკის პოპულარობა შემცირდა. Coldplay-ის პირველი 4 ალბომის გაყიდვები დაახლოებით 10 მილიონს შეადგენდა, ხოლო მომდევნო ალბომების გაყიდვებმა დაახლოებით 3 მილიონი შეადგინეს.

მიუხედავად ამისა, ჯგუფის ცოცხალ გამოსვლებზე მოთხოვნა გაიზარდა. Coldplay-ის ბოლო ტურმა 2016 და 2017 წლებში $500 მილიონის შემოსავალი მოიტანა. ეს მესამე ყველაზე გაყიდვადი ტური იყო ორივე წლის განმავლობაში და პოლ მაკარტნისა და გარტ ბრუკსსაც კი აჯობა.

ჯგუფის ბოლო ტურნეს შემდეგ, Pollstar-ის მიხედვით, ტოპ კონცერტების ფასი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა. საწვავისა და ტურისტული სექტორის ფასების ზრდამ ზოგიერთი აქტი აიძულა ბილეთის ფასი $200 დოლარამდეც კი გაეზარდა.

Coldplay-მ მიმდინარე ტურნესთვის ფასების თითქმის უცვლელად შენარჩუნება ნაწილობრივ პანდემიის გაურკვევლობის გამო გადაწყვიტა. ჯგუფმა გაითვალისწინა რისკი, რომ პანდემიის პირობებში შესაძლოა მსმენელს მასშტაბურ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავი შეეკავებინა.

ამასთან, ბილეთების დაბალ ფასად შეთავაზება საშუალებას აძლევს Coldplay-ს მთლიანად შეავსოს სტადიონები. ჯგუფი ახლა ერთადერთი აქტია, რომელიც საფეხბურთო სტადიონებზე გამოდის, რომლებიც 70 000-ზე მეტ ადამიანს იტევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ