LIVE

იტალიის პრემიერი: ევროპულ კომპანიებს გაზის საფასურის რუბლით გადახდა შეუძლიათ

12 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
იტალიის პრემიერი: ევროპულ კომპანიებს გაზის საფასურის რუბლით გადახდა შეუძლიათ
Alessia Pierdomenico/Bloomberg

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპულ კომპანიებს შეუძლიათ გადაიხადონ გაზის საფასური რუბლებში სანქციების დარღვევის გარეშე.

ევროპული კომპანიები კვირებია ცდილობენ გაარკვიონ, როგორ დააკმაყოფილონ რუსეთის მოთხოვნა რუბლით გადახდაზე და შეინარჩუნონ გაზის ნაკადი დაწესებული სანქციების დარღვევის გარეშე.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კომპანიებმა უნდა განაგრძონ გადახდა ევროში და რუბლის საბანკო ანგარიშის გახსნა სანქციებს ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირს ჯერ არ გაუცია მყარი წერილობითი ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაუხადონ კომპანიებმა გაზის საფასური რუსულ Gazprom-ს.

“არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სანქციების დარღვევა. არავის უთქვამს, არღვევს თუ არა რუბლის გადახდა სანქციებს. ფაქტობრივად, გაზის იმპორტიორთა უმეტესობამ უკვე გახსნა რუბლის ანგარიში გაზპრომბანკში”,- თქვა დრაგიმ პრესკონფერენციაზე. 

დრაგიმ ასევე განაცხადა, რომ გერმანიის გაზის წამყვანმა იმპორტიორმა უკვე გადაიხადა რუბლით.  

რუსული გაზის მთავარმა მყიდველმა, გერმანული Uniper-ის სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიას ახალი სისტემის მიხედვით არანაირი გადახდა არ განუხორციელებია, რადგან გადახდის ვადა მაისის ბოლომდე აქვს. კომპანია დარწმუნებულია, რომ შეუძლია სანქციების დაცვა და გაზის ნაკადის შენარჩუნება. სპიკერმა არ დააზუსტა, გახსნა თუ არა კომპანიამ რუბლის ანგარიში.

ევროკავშირმა აპრილის ბოლოს გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ბუნდოვანების გამო კომპანიებმა და ზოგიერთმა მთავრობამ გააკრიტიკა. ევროკავშირს ახალი მითითებები ჯერ არ გამოუქვეყნებია, რაც იწვევს შიშს, რადგან ბევრ კომპანიას გადახდის ბოლო ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება და გადაუხდელობის შემთხვევაში რისკავს გაზის ნაკადის შეწყვეტას.

პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება მას შემდეგ შეუწყდათ, რაც უარი თქვეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი პირობების მიღებაზე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კიარა ალბანეზი და ალბერტო ბრამბილა