LIVE

Reuters - გერმანია ამზადებს ანტიკრიზისულ გეგმას რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის

10 მაი 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 809
Reuters - გერმანია ამზადებს ანტიკრიზისულ გეგმას რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გერმანია ემზადება რუსული გაზის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტისთვის საგანგებო პაკეტით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კრიტიკულ კომპანიებზე კონტროლის აღებას. გეგმის კოორდინირებას ეკონომიკის სამინისტრო ახდენს.

გასულ წელს რუსული გაზი გერმანიის იმპორტის 55%-ს შეადგენდა. ქვეყანას სურს შეწყვიტოს შესყიდვები რუსეთიდან, მაგრამ ელის, რომ დიდად იქნება დამოკიდებული მოსკოვზე 2024 წლის შუა რიცხვებამდე.

გაურკვეველი რჩება, მოხდება თუ არა გაზის მოულოდნელი შეწყვეტა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გერმანიას სურდა ესკალაციის თავიდან აცილება, მაგრამ შიშობენ, რომ რუსეთს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს გაზის მიწოდება და სურთ, მსგავსი განვითარებისთვის მზად იყვნენ.

მთავრობა მხარს დაუჭერს დამატებითი სესხებისა და გარანტიების მიცემას ენერგეტიკული კომპანიებისთვის, რათა გაუმკლავდნენ მზარდ ფასებს და შესაძლოა სახელმწიფომ კრიტიკული კომპანიების მართვა, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, თავის თავზე აიღოს. შესაბამისი კანონმდებლობა გერმანიამ უკვე მიიღო.

ახლა განხილვის მთავარი თემაა, როგორ განხორციელდება ეს პრაქტიკაში. მაგალითად, რუსული Rosneft-ის საკუთრებაში არსებული PCK-ის ქარხნის კონტროლი. მასზე მოდის რუსული ნავთობის იმპორტის უმეტესი ნაწილი და შეიძლება მოექცეს ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს ქვეშ.

განიხილება ენერგოკომპანიების ნაციონალიზაციის შესაძლებლობა, მაგრამ ეს საგულდაგულოდ უნდა იყოს გაანალიზებული და დასაბუთებული ენერგომომარაგების უსაფრთხოების კუთხით და არა რუსეთის დასჯის საფუძველზე.

გერმანიას ასევე შეუძლია შეიძინოს წილები სხვა კომპანიებში. მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა 2018 წელს, როდესაც სახელმწიფო განვითარების ბანკმა (KfW) იყიდა ჰერცის ელექტროქსელის ოპერატორის 20%.

სამთავრობო საგანგებო პაკეტის საბოლოო ვერსია ჯერ არ არის შემუშავებული. 

ოფიციალური პირები ასევე იკვლევენ, როგორ შეუძლია KfW-ს შეამსუბუქოს ზეწოლა კრიტიკულ კომპანიებზე, დამატებითი სესხებით ან გადაუდებელი საკრედიტო ხაზებით მხარდაჭერით, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ, თუ ენერგორესურსებზე ფასების მატება  გაგრძელდება.

მიმდინარე წლის დასაწყისში KfW დაეხმარა გერმანულ ენერგეტიკულ კომპანია Uniper-ს, გაზის განყოფილებას EnBW VNG-ს და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის ოპერატორ Leag-ს ენერგეტიკული ბაზრების ცვალებადობასთან გამკლავებაში.

გერმანია ასევე განიხილავს, თუ როგორ გაანაწილოს გაზი საგანგებო სიტუაციებში. მარეგულირებელი მსჯელობს, მიანიჭოს თუ არა პრიორიტეტი ინდუსტრიას შინამეურნეობებზე, რაც ამჟამინდელი პოლიტიკის ცვლილება იქნება.

დისკუსიები უკრაინაში ომისა და მოსკოვისა და ბრიუსელის დაპირისპირების ესკალაციის ფონზე ვითარდება, რამაც მხარი დაუჭირა მკაცრ სანქციებს რუსეთის იზოლაციისთვის.

Gazprom-მა უკვე შეაჩერა გაზის ექსპორტი პოლონეთსა და ბულგარეთში მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს რუბლში გადახდაზე. მიუხედავად ამისა, კრემლი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს ბუნებრივ აირს შანტაჟის იარაღად იყენებს და იმეორებს, რომ რუსეთი ენერგორესურსების საიმედო მიმწოდებელია.

გერმანიაში შიშობენ, რომ გაზის მიწოდების შეფერხება ასევე გამოიწვევს ფასების ზრდას, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს, არ დაკარგოს სამხედრო ბიუჯეტი.

ბერლინი ასევე განიცდის ინდუსტრიის ლიდერების გავლენას, მათ შორის, უმსხვილესი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებისგან და რუსეთთან კავშირების მქონე კომპანიების წარმომადგენლებისგან, რომლებიც რეგულარულად ხვდებოდნენ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ლობირებდნენ, რომ არ აიკრძალოს გაზის იმპორტი.

კომპანიის აღმასრულებლებმა მთავრობას უთხრეს, რომ ემზადებიან რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტისთვის, მაგრამ მოუწოდეს, არ აიძულონ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაუყოვნებლივ.