LIVE

უორჰოლის მერლინის პორტრეტი რეკორდულ ფასად - $195 მილიონად გაიყიდა

10 მაი 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
უორჰოლის მერლინის პორტრეტი რეკორდულ ფასად - $195 მილიონად გაიყიდა
Christie’s Images Ltd. 2022

ენდი უორჰოლის მერლინ მონროს ცნობილი პორტრეტი გუშინ ღამით კრისტის აუქციონზე რეკორდულ თანხად - $195 მილიონად გაიყიდა. 

შედეგად ის გახდა მე-20 საუკუნის ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული ნიმუში და ამასთან, ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული ნამუშევარი, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. პორტრეტი საჯაროდ გაყიდული ხელოვნების ნიმუშებიდან მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია. პირველ ადგილს $450 მილიონით ლეონარდო და ვინჩი იკავებს. აუქციონის გამარჯვებული ცნობილი დილერი ლარი გაგოსიანი გახდა. 

დილერები ხშირად ყიდულობენ ხელოვნების ნიმუშებს კლიენტების სახელით, რომლებიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ. გაგოსიანის მილიარდერი კლიენტების სია ვრცელია და მათ შორის მოიცავს სტივ კოენს, დევიდ გეფენს და რონალდ ლაუდერს.

Christie's-ი იმედოვნებს, რომ მომდევნო ორ კვირაში დაახლოებით $1,5 მილიარდის ღირებულების თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს გაყიდის. Sotheby's აუქციონი მომავალ კვირას $1,18 მილიარდის ნამუშევრებს გაყიდვას გეგმავს. 

ნახატი სახელწოდებით Shot Sage Blue Marilyn უორჰოლმა 1964 წელს შექმნა. ის არტისტის შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიმს ტარმი და კრის როვზარი