LIVE

"თეგეტა ჰოლდინგი" ერევნის მუნიციპალური პარკის განვითარებაში ერთვება

09 მაი 202216:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1435

„თეგეტა ჰოლდინგი“ ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი 6 მაისს მოეწერა. პირველ ეტაპზე, სომხეთის დედაქალაქს, MAN-ის ბრენდის ევროსტანდარტების შესაბამისი 100-მდე ავტობუსი შეემატება.

სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. ავტობუსების გადაცემის პროცესი 2022 წლის ბოლოდან დაიწყება და მომავალი წლის ბოლომდე რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

„ტენდერის მიხედვით, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები ერევნის მოსახლეობას 2023 წლიდან მოემსახურება. მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავთ და ავტობუსების პარკის განახლება ამის ერთ-ერთი ნაწილია. ახალი ავტობუსების შემოყვანაში ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია „თეგეტა მოტორსი“ დაგვეხმარება, რომელიც MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ჩვენი გეოგრაფიული სიახლოვე და კომპანიის გამოცდილება საშუალებას მოგვცემს, ტენდერის პირობები შეთანხმებულ ვადებში შესრულდეს. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ავტობუსებს ტექნიკური მომსახურება ერევანში ჩაუტარდება. ვფიქრობ, გამართული სერვისის მიწოდებით ჩვენი ავტობუსების ექსპლუატაციის ვადა კიდევ უფრო გახანგრძლივდება,“- განაცხადა ერევნის მერმა, ჰრაჩია სარგსიანმა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულად "თეგეტა" ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში დაასახელა. კომპანია სატვირთო, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. 

"თეგეტა ჰოლდინგს", რომლის პორტფელში 20-ზე მეტი შვილობილი კომპანიაა, უკვე აქვს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. „თეგეტა“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების გამარჯვებულია. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ის და სხვა ევროპული ბრენდების 500-მდე ავტობუსი მიაწოდა. მათ შორის, უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის, დიზელისა და CNG ძრავაზე მომუშავე მუნიციპალური ტრანსპორტი.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ეს პირველი საერთაშორისო ტენდერია, რომლის თანახმადაც ავტობუსებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივაწვდით. „თეგეტას“ შეთავაზება საუკეთესო აღმოჩნდა და სხვა უცხოურ კომპანიებს გაუწია კონკურენცია. სატენდერო ხელშეკრულებით, რომელიც „თეგეტასა“ და ერევნის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა, სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფასთან ერთად, ვიღებთ ვალდებულებას, ვიზრუნოთ ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ეს პროცესი მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის – „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე განხორციელდება. ჰოლდინგს წლებია, მჭიდრო ბიზნესკავშირები აქვს სომხეთთან, სადაც „თეგეტა“ ბრიტანული პრემიუმ სპეცტექნიკის მწარმოებელი კომპანიის JCB-სა და სხვა ევროპული ბრენდების წარმომადგენელია. ვიმედოვნებთ, ახალი შეთანხმების ფარგლებში, შესაძლებლობა მოგვეცემა, დამატებითი წვლილი შევიტანოთ სომხეთის ავტოინდუსტრიის განვითარებაში,"- განაცხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული ბიზნესმიმართულების დირექტორმა, ირაკლი პაპიაშვილმა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე 100-მდე ახალი ავტობუსი, რომელიც სომხეთის დედაქალაქს შეემატება, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას. შესაბამისად, პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, გაზრდის ერევანში ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას.

MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. აღნიშნული ავტობუსები შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.