LIVE

Gazprom-ი ცდილობს დაარწმუნოს ევროპელი კლიენტები, რომ სანქციების მიუხედავად გაზის ყიდვა შეუძლიათ

07 მაი 202219:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 827
Gazprom-ი ცდილობს დაარწმუნოს ევროპელი კლიენტები, რომ სანქციების მიუხედავად გაზის ყიდვა შეუძლიათ

Gazprom-მა წერილობით მიმართა ევროპელ მომხმარებლებს, რათა დაარწმუნოს, რომ შეუძლიათ გააგრძელონ გაზის საფასურის გადახდა სანქციების დარღვევის გარეშე. ეს უახლესი მანიშნებელია იმისა, რომ რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს იპოვოს გზა გაზის მიწოდების შესანარჩუნებლად.

ევროპულ კომპანიებს უჭირთ გარკვევა, როგორ უნდა გააგრძელონ რუსული გაზის შესყიდვა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა რუბლებში გადახდა მოითხოვა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ კრემლის პირობის მიღება დაარღვევს სანქციებს.

მიწოდება უკვე შეწყდა პოლონეთსა და ბულგარეთში. სხვა ქვეყნებისთვის გადახდის ვადა მიმდინარე თვის ბოლოს იწურება. 

წერილში, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა, Gazprom-მა განუცხადა მომხმარებლებს, რომ ახალი ბრძანება, რომელიც 4 მაისს გამოქვეყნდა, “აზუსტებს გადახდის პროცედურას”.

ახალ ბრძანებაში ნათქვამია, რომ მყიდველებისგან მიღებული უცხოური ვალუტა ექვემდებარება რუბლში კონვერტაციას რუსეთის ნაციონალური საანგარიშსწორებო ცენტრის ანგარიშების მეშვეობით.

წერილში ნათქვამია, რომ ბრძანება უზრუნველყოფს უცხოელი მყიდველებისგან სახსრების გადაადგილების გამჭვირვალობას და გამორიცხავს ნებისმიერი “მესამე მხარის” მონაწილეობას ანგარიშწორებაში. აღწერილი პროცედურა, როგორც ჩანს, გამორიცხავს სანქცირებული ცენტრალურ ბანკის მონაწილეობას პროცედურებში.

გაურკვეველია, საკმარისი იქნება თუ არა ახალი ბრძანება ევროკავშირის შიშის შესამსუბუქებლად. ბლოკის პოზიცია ცალსახაა - რუბლის ანგარიშის გახსნა და ცენტრალურ ბანკთან მუშაობა სანქციებს არღვევს.

ევროკავშირმა 22 აპრილს გამოსცა სახელმძღვანელო მითითებები და პირობა დადო, რომ უპასუხებს კომპანიების თხოვნებს მეტი სიცხადისთვის. ბლოკმა განაცხადა, რომ პუტინის პირობები დიდ ძალაუფლებას ანიჭებს მოსკოვს და არღვევს ცენტრალური ბანკის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

ევროკავშირი კომპანიებს სთავაზობს, გაზის საფასური გადაიხადონ ევროში და რუსული მხარისგან მოითხოვონ დადასტურება, რომ ტრანზაქცია ამით დასრულდება.

აპრილის ბოლოს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა საკუთარი განმარტება პუტინის თავდაპირველი განკარგულების შესახებ და განაცხადა, რომ თუ გაზის უცხოელი მყიდველები კეთილსინდისიერად განახორციელებენ გადახდებს უცხოური ვალუტის ანგარიშებზე, გაზი არ გაითიშება, მაშინაც კი, თუ Gazprombank-ი არ დააკონვერტირებს ამ თანხებს რუბლებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია