LIVE

რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 2021 წელს ₾4,6 მლნ ხელფასებსა და პრემია/დანამატებზე დახარჯეს

03 მაი 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 729
რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 2021 წელს ₾4,6 მლნ ხელფასებსა და პრემია/დანამატებზე დახარჯეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 2021 წელს, სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ, დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით 211,210 ლარი გასცა. 2020 წელთან შედარებით, პრემია/დანამატების მოცულობა 145,290 ლარითაა გაზრდილი.

გასულ წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ გაწეულმა ხარჯებმა ჯამში 5,567,583 ლარი შეადგინა. მისი 80% კი (4,397,668 ლარი) შრომის ანაზღაურებისთვის დაიხარჯა. ეს თანხა 2020 წლის ანალოგიურ მონაცემებს 100,517 ლარით აჭარბებს.

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ არც ერთ კრიტიკულ ფუნქციას არ ასრულებს, არსებული პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ „სახელმწიფო რწმუნებულების“ გავლენა მუნიციპალიტეტებზე მაღალია, ისინი ხშირად ერევიან პირდაპირი წესით არჩეული მერებისა და საკრებულოების საქმიანობაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ მათ დამოუკიდებლობას. დეცენტრალიზაციის დაბალი დონის პირობებში, „სახელმწიფო რწმუნებულის“ ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია მუნიციპალიტეტებზე ფორმალური თუ არაფორმალური კონტროლის განსახორციელებლად“,- აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციებს ჯამში 98 ავტომობილი ჰყავთ, (მათ შორის 13 გაუმართავი/ამორტიზებული), რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე, შარშან, 273,432 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა, 2021 წელს, 230,692 ლიტრი საწვავის შესასყიდად, 602,937 ლარი დახარჯეს. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 45,066 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 113,883 ლარი. თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (10,663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახარჯა.

სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2021 წელს 48,437 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 4,951 ლარი დაიხარჯა.

წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 29,948 ლარი დახარჯეს, რომლის ძირითადი ნაწილი - 18,889 ლარი იმერეთის ადმინისტრაციაზე მოდის.