LIVE

APM Terminals-მა შესაძლოა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყოს

02 მაი 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 878

ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ APM Terminals-მა შესაძლოა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყოს.

კომპანიისთვის მიუღებელია საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები. BLB-ის მმართველი პარტნიორის და APM Terminals-ის იურისტის, კახა შარაბიძის განცხადებით, ინვესტორი საკუთარ უფლებებს ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით დაიცავს.

„კანონპროექტის მიღება დაჩქარებული წესით ხდება და ამ პროცესში არ ყოფილა ჩართული თავად პორტის ოპერატორი APM Terminals-ი, რომლისთვისაც კანონის მიღების შედეგად ბევრი რამ იცვლება. ეს ცვლილებები პირველ რიგში, არსებითად ცვლის პორტის საოპერაციო კომპონენტებს, ნეგატიურ გავლენას ახდენს მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. ამასთან, ზიანდება ინვესტორების ინტერესები, რადგან ცვლილებების შედეგად კომპანია ვეღარ მიიღებს შემოსავლების ნაწილს. APM Terminals-ი მიმართავს მრავალმხრივ ღონისძიებებს, რომ დაცული იყოს მისი ინტერესები, მათ შორის არაა გამორიცხული საარბიტრაჟო დავის დაწყება. კითხვებს აჩენს ისიც, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არაფერია საუბარი მისი მიღების ერთ-ერთ მიზანზე, რომელიც შემდეგ საპარლამენტო განხილვებზე გამოიკვეთა. კერძოდ, ირკვევა, რომ მისი მიზანი APM Terminals-სა და Pace ჯგუფს შორის ურთიერთობების მოწესრიგებაცაა. კითხვები ბევრია და პასუხები არაა“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.

როგორც APM Terminals-ში აცხადებენ, ცვლილებების მიხედვით, კომპანიას კვლავ რჩება არაერთი ვალდებულება, თუმცა მეორე მხრივ ეზღუდება გარკვეული უფლებები, მათ შორის, გემებიდან საკომისიოების ნაწილის მიღების შესაძლებლობა.

ცნობისთვის, პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა საზღვაო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და კანონის მიღება უახლოეს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.