2020 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიზანიც დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მნიშვნელოვნად გაჯანსაღება, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და პარტნიორების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება იყო.
რედაქტირებულ შრომის კოდექსში აღსანიშნავია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება - დისკრიმინაცია.
გაფართოვდა დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი და დისკრიმინაციის გავრცელების ფარგლები. განისაზღვრა პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის განმარტება. დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას (შ.კ თავი მე-2 -შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა).
მიუხედავად კანონში არსებული ახალი ჩანაწერისა, დღესაც კი საქართველოში შრომით ურთიერთობებსა და საქმიანობის შესრულებისას დისკრიმინაცია მაღალ გამოწვევას წარმოადგენს.
2020 წლის საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა შეისწავლა, ხოლო 2021 წლის საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ციფრი 161-მდეა გაზრდილი. პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, საქმეები შემდეგნაირად გადანაწილდა:
• პოლიტიკური შეხედულების ნიშნით - 17%;
• სქესის ნიშნით - 16%;
• განსხვავებული მოსაზრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის გამო 11%;
• სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით - 7%;
• ეროვნება/მოქალაქეობის გამო - 6%;
• რელიგიის გამო - 4%;
• ეთნიკური წარმომავლობის გამო უთანასწორობის შემთხვევები - 3%;
• ასაკის გამო უთანასწორობა 3%;
• ნიშნებით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები - 22%.
აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი ცხადყოფს, რომ აუცილებელია ბიზნესის მხრიდან ყურადღება გამახვილდეს დისკრიმინაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ხელი შეუწყონ ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას, რაც ნიშნავს დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან თავისუფალ სამუშაო გარემოს, როდესაც თითოეული დასაქმებული სარგებლობს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ხელს უწყობს საქართველოში შრომითი უფლებების მიმართულებით კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას და კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი დამსაქმებლის ფორმირებას.
და მაინც, რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი?! პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი ცდილობს თანამშრომლებზე პოზიტიური ზეგავლენის გაზრდას და უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაციას. დასაქმებულთა უფლებების კუთხით ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლიანი ბიზნესი პატივს სცემს საკუთარი თანამშრომლების შრომით უფლებებს, მონაწილეობს კონსტრუქციულ დიალოგში და ქმნის დასაქმებულთა პრობლემებზე რეაგირების სისტემას. პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ასევე იყენებს ყველა ბერკეტს ბიზნეს-პარტნიორების ანალოგიური ქცევის წასახალისებლად.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით, განსაზღვრულია თუ რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი, რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი. მათ შორის მნიშვნელოვანია:
შრომის უსაფრთხოება და ჯანდაცვა - უნდა შევძლოთ და უზრუნველვყოთ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო ყველა თანამშრომლისთვის.
ანაზღაურება - აუცილებელია განვსაზღვროთ, რამდენი უნდა გადავუხადოთ თანამშრომლებს, რათა უზრუნველვყოთ მათი ღირსეული ცხოვრება.
სამუშაო დროის ხანგრძლივობა - ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ სამუშაო საათების მაქსიმალური ზღვარი, რათა დასაქმებულებმა შეძლონ დღის განმავლობაში სამუშაოს შესრულება ისე, რომ იყვნენ ჯანმრთელი და პროდუქტიულები.
იძულებითი შრომა - შრომა უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი და დასაქმებულებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ სამუშაოს მიტოვება.
დისკრიმინაცია - მნიშვნელოვანია შევიმუშაოთ და ყველა თანამშრომელს გავაცნოთ ეთიკის კოდექსი, რომელიც აკრძალავს დასაქმებულების დისკრიმინაციას მათი ასაკის, სქესის, რელიგიის, კანის ფერის, პოლიტიკური კუთვნილების ან რაიმე სხვა პირადი მახასიათებლის გამო.
შევიწროება - უნდა უზრუნველვყოთ, რომ დასაქმებულები სამუშაოს შესრულების ადგილას არ გახდნენ რაიმე სახის შევიწროების, მათ შორის სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი.
საჩივრები - საჭიროა შევიმუშაოთ საჩივრების მექანიზმები, რათა დასაქმებულებს შეეძლოთ საჩივრის წარდგენა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფი, სამართლიანი რეაგირება.
ჩამოთვლილი საკითხები არის ის მინიმალური შრომითი სტანდარტები, რომლის დანერგვა და განხორციელება ბიზნესმა უნდა მოახდინოს, თუ ის არის პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი. აღსანიშნავია არაერთი საერთაშორისო კვლევა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ის კომპანიები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდაზე, გაცილებით მდგრადი და სანდოა, ასევე ისინი მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ საზოგადოებაში. ამიტომ, ბიზნესის განვითარება და წარმატება, თანამშრომლების უფლებების დაცვით უნდა დავიწყოთ, რადგან ყოველდღიურ საქმიანობაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის უნარ-ჩვევების დანერგვით, ბიზნესი ამკვიდრებს შრომითი უფლებების იმ მაღალ სტანდარტებს, რომლებიც სამომავლოდ კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცევა.
სტატია მომზადებულია სოფო ხუჭუას მიერ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველ კვარტალური ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.