დრონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ DJI Technology-მა რუსეთსა და უკრაინაში საქმიანობა შეაჩერა და ყველაზე მაღალი დონის ჩინური კომპანია გახდა, რომელიც ომით განადგურებული რეგიონიდან გავიდა. კომპანიამ ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად გადადგა, რომ მისი პროდუქცია საბრძოლო მოქმედებებში არ გამოიყენონ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების უმსხვილესი მწარმოებელი სხვადასხვა იურისდიქციის რეგულაციების შესასრულებლად ბიზნესს დროებით აჩერებს. კომპანიის მიერ საქმიანობის შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციებს მოჰყვა, რომელთა ფართო აღსრულებითაც ვაშინგტონი იმუქრება.
DJI-ის ნაბიჯი მას სხვა მსხვილი ჩინური კორპორაციებისგან განასხვავებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ კომპანიებს Semiconductor Manufacturing International-დან Lenovo Group-მდე მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ, მაგრამ უმეტესობამ ამ საკითხზე საჯარო კომენტარისგან თავი შეიკავა.
უპილოტო თვითმფრინავები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ომში. მათ ორივე მხარე ფართოდ იყენებს სამიზნეების იდენტიფიცირებისა და შეტევების კოორდინაციისთვის. თუმცა, უკრაინის ოფიციალური პირები ჩინურ კომპანიას ქვეყნის თავდაცვის საბოტაჟში ადანაშაულებენ, რასაც, როგორც Wall Street Journal-ი იტყობინება, DJI უარყოფს.
ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოწოდებები გააკეთა, მაგრამ უარს ამბობს ქვეყანაში შეჭრის კრიტიკაზე და აცხადებს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შეინარჩუნებს. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პუტინის რეჟიმის დახმარებისა და სანქციების წინააღმდეგ წასვლის შესახებ უკვე გააფრთხილა.
უცხოურმა კომპანიებმა რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ დატოვეს. ჩინური კომპანიები იმავეს გაკეთებაზე ამ დრომდე უარს აცხადებდნენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია