LIVE

უკრაინა კიბერ უსაფრთხოებას აძლიერებს

22 აპრ 202222:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
უკრაინა კიბერ უსაფრთხოებას აძლიერებს

კიბერშეტევებთან გამკლავების მიზნით, უკრაინის ხელისუფლებამ 5 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ფიზიკური უსაფრთხოების გასაღებების გამოყენება დაამტკიცა. ისინი მცირე ზომის პორტატული მოწყობილობებია, რომლებიც უსაფრთხოების დამატებით ფენას უზრუნველყოფენ.

სპეციალური კომუნიკაციისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსი მოადგილის, ოლექსანდრ პოტის თქმით, უკრაინა ახლა ცდილობს გასაღები რაც შეიძლება მეტ სამთავრობო უწყებას მიაწვდინოს. მისი თქმით, მთავრობას უკრაინაში ფიშინგის მიმართ გამძლე, პაროლის გარეშე ავთენტიფიკაციის მეთოდების დანერგვა სურს.

უკრაინას კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია Yubico ეხმარება, რომელმაც ქვეყანას 20,000 ასეთი გასაღები აჩუქა. ასევე, Hideez Group-ი ვირჯინიაში დაფუძნებული კიბერ უსაფრთხოების კომპანია, რომელიც უკრაინაში ოპერირებს და ქვეყანას ლოჯისტიკის მიმართულებით ეხმარება.

უსაფრთხოების გასაღებები დამატებითი ავთენტიფიკაციის მეთოდია, რომელიც საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიას ეყრდნობა და მომხმარებლის ვინაობას ჩიპზე შენახული ინფორმაციის გადამოწმებით აზუსტებს. ის ნაკლებად რისკის შემცველია ჩვეულებრივ პაროლთან და მომხმარებლის სახელთან შედარებით, რომლებიც შესაძლოა ბოტებმა გამოიცნონ ან მოიპარონ და dark web-ის ფორუმებზე გაიყიდოს.

Google-ი, რომელიც ასევე სთავაზობს მომხმარებელს უსაფრთხოების გასაღებებს, მხარს უჭერს მის გამოყენებას ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ონლაინ შეტევების მაღალი რისკის წინაშე დგანან.

თუმცა, კიბერუსაფრთხოების ექსპერტის თქმით, ამ ტიპის უსაფრთხოების გასაღებს ასევე აქვს უარყოფითი მხარეებიც, მათ შორის დაკარგვის შანსი და მაღალი ფასი. Yubico-ს დონაციას, რომელიც 20,000 გასაღებს მოიცავს, $1 მილიონამდე საბაზრო ღირებულება აქვს. კომპანიის 1 YubiKey $50 ღირს.

უკრაინის მთავრობამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანა ომის მიმდინარეობის პერიოდში სამჯერ მეტ კიბერშეტევას იგერიებს, ვიდრე იმავე პერიოდში წინა წელს. სახელმწიფო ფლობაში არსებული კომპანიის წინააღმდეგ ომის პერიოდში 786,000 ჰაკინგის მცდელობა დაფიქსირდა, ეს შედარებით 2021 წლის 22,000 ასეთ შემთხვევასთან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატრინა მენსონი