რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა დღეს რუსეთის დუმაში მოხსენებით წარსდგა. მან მიუთითა, რომ იგეგმება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. ნაბიულინას განცხადებით, ინფლაციის 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირებას ორი წელი დასჭირდება.
"პერიოდი, როდესაც ეკონომიკას შეუძლია რეზერვებით იცხოვროს, უსასრულო არ არის. მეორე და მესამე კვარტალში ჩვენ გადავალთ სტრუქტურული ტრანსფორმაციისა და ახალი ბიზნეს მოდელების ძიებაზე", - თქვა ნაბიულინამ.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ ამ პროცესს თან ახლავს გარკვეულ საქონელზე ფასების მატება, შესაბამისად, ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. მისი თქმით, ამის მიზეზი მიწოდების სიმცირეა და არა მაღალი მოთხოვნა.
"არავითარ შემთხვევაში არ შევეცდებით მის დაწევას - ეს ხელს შეუშლის ბიზნესს ადაპტაციაში", - თქვა ნაბიულინამ და დაამატა, რომ ინფლაციის ზრდა არ უნდა იყოს უკონტროლო და მონეტარული პოლიტიკა 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე მას 2024 წელს დააბრუნებს.
ნაბიულინამ დღეს მიანიშნა, რომ ძირითადი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას შეეცდება.
28 თებერვალს, ომის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, მან რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-დან 20%-მდე გაზარდა. 8 აპრილს ის 17%-მდე გაწია.
ნაბიულინამ ასევე აღნიშნა, რომ სანქციები ამ დრომდე ძირითადად გავლენას ფინანსურ ბაზარზე ახდენდა, "მაგრამ ახლა მათ მზარდი გავლენა ეკონომიკაზე" ექნებათ.
"მთავარი პრობლემები დაკავშირებული იქნება იმპორტის შეზღუდვასთან და საგარეო ვაჭრობის ლოჯისტიკასთან, მომავალში კი ექსპორტის შეზღუდვასთან", - თქვა ნაბიულინამ.
მისივე თქმით, რუსულ კომპანიებს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებათ.
"რუს მწარმოებლებს მოუწევთ ახალი პარტნიორების მოძიება, ლოჯისტიკის გზების ან გასული თაობის პროდუქციის წარმოებაზე გადასვლა", - თქვა ბანკირმა.
მისივე თქმით, ცენტრალური ბანკი გეგმავს, რომ ექსპორტიორების მიერ უცხოური ვალუტის შემოსავლების გაყიდვა უფრო მოქნილი გახადოს.
თებერვალში, რუსეთმა ექსპორტიორ კომპანიებს, მათ შორის მსოფლიოს ზოგიერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ მწარმოებელს, როგორიცაა Gazprom და Rosneft, დაავალა, თავიანთი უცხოური ვალუტის შემოსავლების 80% ბაზარზე გაეყიდათ.
ნაბიულინას განცხადებით, ბანკმა შესაძლოა შეარბილოს სავალდებულო გაყიდვების ვადა და მოცულობის პირობები.