LIVE

აუცილებელი არ არის რუსულ ნავთობზე სანქციები ბლაგვი ინსტრუმენტი იყოს - მოსაზრება

18 აპრ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1170
აუცილებელი არ არის რუსულ ნავთობზე სანქციები ბლაგვი ინსტრუმენტი იყოს - მოსაზრება
Bloomberg

წამყვანი გლობალური დემოკრატიები უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის მიმართ აღშფოთებას გამოხატავენ. თუმცა, ამავდროულად მოსკოვს ასობით მილიარდ დოლარს უხდიან, რომელიც ქვეყანამ შესაძლოა სამხედრო ძალისხმევაზე დახარჯოს.

Bloomberg Economics-ის შეფასებით, გაზრდილი ფასების გამო, რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების გაყიდვიდან $320 მილიარდს მიიღებს, რაც გასულ წელთან შედარებით მესამედით მეტია.

მეორე მხრივ, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ტალღები არ იკლებს. უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, ნავთობმოვაჭრეებმა, როგორიცაა Vitol-ი და Trafigura, განაცხადეს, რომ არსებულ სახელშეკრულებო ვალდებულებებს შეასრულებენ, მაგრამ არ მიიღებენ ახალ გარიგებებს, რომელიც რუსულ ნავთობთან იქნება კავშირში. გასულ კვირას ევროკავშირი და იაპონია რუსული ნახშირის შესყიდვის აკრძალვის შესახებ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ.

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ენერგიის იმპორტის შემდგომი შეზღუდვის შესახებ განხილვას გააგრძელებენ, თუმცა წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, თუ რა საფასური უნდა გადაიხადონ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაზრდის მიზეზით.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი აქცენტი ბუნებრივი აირის ევროპულ იმპორტზე კეთდება, რუსული ნავთობის შესყიდვა შემდეგი განსახილველი საკითხი იქნება. ნავთობზე ფოკუსირება უფრო მარტივია და შეიძლება უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე გაზზე კონცენტრირებას აქვს.

ისტორიულად, რუსეთი ნავთობის ექსპორტიდან $4 დოლარს იღებდა. ეს შედარებით $1 დოლართან, რომელსაც ის ბუნებრივი აირის საზღვარგარეთ გაყიდვით გამოიმუშავებდა. (ნავთობის და გაზის ეს თანაფარდობა 2021 წელს 3-1-მდე დაეცა ბუნებრივი აირის გაძვირების გამო). ნავთობის გაყიდვების მიზანში ამოღება რუსეთისთვის სუსტ წერტილში დარტყმა იქნება.

სხვებისთვის, რუსული ნავთობის ევროპული აკრძალვის შესახებ შფოთი გლობალურ ეკონომიკაში ამ აკრძალვის შედეგებთან არის დაკავშირებული. ევროპა ახლა რუსეთის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით ნახევარს ყიდულობს. ამ ნაკადების უეცარმა შეფერხებამ შესაძლოა, ენერგეტიკული ბაზრები შეარყიოს.

საბედნიეროდ, არაფრის გაკეთების ან გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის რისკის წინაშე დაყენების გარდა სხვა გზებიც არსებობს. ერთი, რომელიც ევროპამ რაღაც დონემდე უკვე აითვისა, რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვაა. ნახშირზე ახალი აკრძალვის გარდა, გერმანია ამბობს, რომ შესაძლოა, რუსული ნავთობის შესყიდვები წლის ბოლომდე შეაჩეროს.

თუმცა, ასეთი ზომები შეიძლება არასაკმარისად ამბიციური ან ზედმეტად საკუთარ თავზე მორგებული გამოჩნდეს, რაც პოლიტიკურ ლიდერებზე ზეწოლას გაზრდის.

ამერიკელ პოლიტიკის შემქმნელებს გაუმართლათ, რომ აშშ სანქციების ზესახელმწიფოა. მეორადი სანქციები, რომლებიც მან სხვა ქვეყნებისა და კომპანიების დასარწმუნებლად გამოიყენა, რომ არ შეეძინათ ირანული ნავთობი შესაძლოა კარგი გაკვეთილი გამოდგეს დღევანდელი რეალობისთვის. სანქციებმა, რომლებიც 2012 წელს თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტში (NDAA) შევიდა, ირანულ ნავთობზე ბაზრის მდგომარეობისა და პოლიტიკური რეალობის შესაბამისად ზეწოლის დაკალიბრებისთვის რიგი მექანიზმები წარადგინა.

ვაშინგტონში რუსეთის წინააღმდეგ მეტი ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის ზეწოლის ზრდის პარალელურად, კონგრესი სწორად მოიქცევა თუ 2012 წლის ინოვაციებს განიხილავს. ეს ბაიდენის ადმინისტრაციას იმ მოქნილობას მიანიჭებს, რომელიც რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად არის საჭირო.

სანქციებს ხშირად „ბლაგვ ინსტრუმენტს“ უწოდებენ, მაგრამ აუცილებელი არ არის ასე იყოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან ოსალივანი