სოციალური მომსახურების სააგენტომ პენსიების დარიგების მიზნით კომერციული ბანკის შესარჩევად ახალი ტენდერი გამოაცხადა.
ამ დროისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღებას ორი მსხვილი ბანკი, „საქართველოს ბანკი“ და „ლიბერთი“ განიხილავს.
„საქართველოს ბანკში“ ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, მიიღებენ თუ არა საბოლოოდ მონაწილეობას ტენდერში. თუმცა ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე „ბიზნეს ფორმულასთან“ ადასტურებს, რომ მათ ტენდერის გამოცხადებამდე საკუთარი პირობები წარადგინეს.
„დასაწყისში ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ინტერესი და ვთქვით ის მინიმალური პირობები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ეს ჩვენთვის საინტერესო ყოფილიყო. ტენდერი სხვა პირობებით გამოცხადდა და ახლა ვიხილავთ, რამდენად საინტერესო შეიძლება ჩვენთვის იყოს ამ სატენდერო პროცესში მონაწილეობის მიღება. მარტივი პირობები არაა“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება „ლიბერთის“, რომელიც უკვე წლებია პენსიების დარიგებას უზრუნველყოფს, ბანკში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დეტალურად ეცნობიან პირობებს და მოგვიანებით გადაწყდება, საბოლოოდ მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ტენდერში.
„უკვე არაერთი წელია „ლიბერთი“ პენსიების დარიგებას უზრუნველყოფს და ყველას აქვს მოლოდინი, რომ ჩვენ ისევ მივიღებთ მონაწილეობას. თუმცა ჩვენ ამ დრომდე ვეცნობით სატენდერო დოკუმენტაციას და ერთი თვე კიდევ გვაქვს მოსაფიქრებლად. ამჟამად ჩვენ მიერ გაცემულ საპენსიო სესხებზე განაკვეთი 30.6%-ის ფარგლებშია და გამოდის, რომ კონტრაქტის ახალი პირობების მიხედვით ეს განაკვეთი დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით უკვე მცირდება“, - განაცხადა „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.
საპენსიო გასაცემლების ტენდერში ბანკების მხრიდან წინადადებების მიღება 11 მაისს იწყება და 16 მაისს მთავრდება. ახალი ტენდერის პირობები ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე იქნება.
ტენდერის პირობების მიხედვით, სერვისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მაქსიმუმ 15 მლნ ლარი ხოლო კონტრაქტის განმავლობაში (7 წელი) 105 მლნ ლარი გამოიყოფა.
ასევე ე.წ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ჭერი წესდება, რომელიც ამ ეტაპისთვის 26%-ის ფარგლებშია. კერძოდ, განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა შემდეგნაირად გამოითვლება - ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების ინდექსს, რომელიც ამჟამად 10.6%-ს შეადგენს, პლუს 15%. საბოლოოდ უპირატესობა იმ პრეტენდენტს მიენიჭება, რომელიც ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს დააფიქსირებს, ასევე მთავრობას ამ სერვისს უფრო იაფად მიაწვდის.