LIVE

პუტინი: რუსეთი ნავთობის ახალ მყიდველებს იპოვის

13 აპრ 202222:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1808
პუტინი: რუსეთი ნავთობის ახალ მყიდველებს იპოვის
Mikhail Klimentyev/AFP/Getty Images

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი იპოვის ახალ მყიდველებს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რადგან ზოგიერთი ტრადიციული მყიდველი უარს ამბობს მიწოდებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობამ არ დააწესა პირდაპირი სანქციები რუსეთის ენერგოპროდუქტებზე, მიწოდება შემცირდა, რადგან მყიდველები ეძებენ ალტერნატივებს ან აწყდებიან ლოგისტიკურ პრობლემებს.

11 აპრილს, მთავრობისა და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რუსეთის ლიდერმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ქვეყანას საექსპორტო პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა.

“რაც შეეხება რუსულ ნავთობს, გაზს, ნახშირს - შევძლებთ გავზარდოთ მათი შიდა მოხმარება, გავაუმჯობესოთ ნედლეულის გადამუშავება და გავზარდოთ ენერგიის მიწოდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სადაც ისინი ნამდვილად საჭიროა”, - განაცხადა პუტინმა. 

ბევრი ძირითადი ტრადიციული მყიდველი უარს ამბობს რუსული ნავთობის მიღებაზე ან აპირებს სრულად თქვას უარი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ. ქვეყანამ შეძლო ნავთობის ნაკადების ნაწილის გადამისამართება აზიაში, რითაც მყიდველებს დიდი ფასდაკლებით იზიდავდა. შეერთებულმა შტატებმა აკრძალა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების პირდაპირი იმპორტი ქვეყნიდან და დიდი ბრიტანეთიც აპირებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას მიმდინარე წლის ბოლომდე.

აპრილის პირველ ექვს დღეში, რუსეთში ნავთობის წარმოება თითქმის ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა და დღეში დაახლოებით 10,52 მილიონი ბარელს შეადგენს. IEA პროგნოზირებს აპრილში ეროვნული წარმოების 1,5 მილიონი ბარელით შემცირებას.

რაც შეეხება ნახშირს, იაპონია და ევროკავშირი გეგმავენ, რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტას. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ღიაა ენერგეტიკული შეზღუდვებისთვის, რადგან კრემლის სამხედრო აგრესია უკრაინაში არ მცირდება, მაგრამ წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან ბუნებრივი აირის ემბარგოზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია