გერმანიის მთავრობის დროებით კონტროლქვეშ მყოფი Gazprom-ის კომპანიების ჯგუფი რუსული გაზის გიგანტის მფლობელობაში არ დაბრუნდება.
Gazprom-ი განცალკევებას პერმანენტულად მიიჩნევს და უკვე სთხოვა კომპანიებს, შეწყვიტონ მისი ბრენდინგის და სავაჭრო ნიშნების გამოყენება, ნათქვამია ლონდონის გაზპრომის მარკეტინგისა და ვაჭრობის პერსონალის წერილში, რომელიც Bloomberg News-მა მოიპოვა.
კომპანიებმა ჯერ კიდევ უნდა გადაწყვიტონ საკუთრების სტრუქტურა და აპირებენ, გააგრძელონ მოლაპარაკებები გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან.
“ვერ ვხედავთ სცენარს, რომ დავუბრუნდეთ Gazprom-ის შვილობილი კომპანიების ფილიალებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერ კიდევ გვჭირდება ქონების საკითხის მოგვარება და ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ საუბარს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მთავრობებთან”, - თქვა ვოლფგანგ სკრიბოტმა, ლონდონის სავაჭრო განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა.
Gazprom Marketing & Trading-ის თქმით, რებრენდინგი უკვე მიმდინარეობს და პირველი ნაბიჯები უნდა იყოს Gazprom-ის ლოგოსა და სახელის ამოღება ყველა საკომუნიკაციო არხიდან. ამ პროცესს თან უნდა ახლდეს სახელის შეცვლა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ პირველადი საუბრები ეგბერტ ლაეგესთან, გერმანიის დივიზიის ხელმძღვანელად დანიშნულ ოფიციალურ პირთან, იყო “ძალიან პროდუქტიული”.
Gazprom-ის შვილობილი კომპანიები ევროპაში ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, რადგან მომხმარებლებმა და ბიზნესპარტნიორებმა უარი თქვეს მათთან ბიზნესის წარმოებაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. გასულ კვირას გერმანიამ მოუწოდა ბანკებსა და სავაჭრო პარტნიორებს, განაგრძონ ბიზნესის კეთება კომპანიასთან, რათა თავიდან აიცილონ ბაზრის კრახი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ ჯილესპი