თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ფაზას, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყებს. როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაცია დასკვნით ეტაპზეა და რეფორმის საბოლოო ვერსია ზაფხულში გახდება ცნობილი.
"კომუნიკაცია მაქვს არა ბიზნესთან, არამედ ტაქსის მძღოლებთან, ვხვდები მათ და ვსაუბრობთ. ზაფხულში კონცეპტუალური ნაწილი საბოლოოდ დასრულდება, ელექტრონული სისტემა სრულად აეწყობა. ტაქსის ბაზარს, სწორედ, ელექტრონული სისტემით გავაკონტროლებთ.
ჩემი მოლოდინით, წლის ბოლოდან უკვე ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა გაეშვება, რაც საკმაოდ სასარგებლო იქნება მთლიანად ტაქსების ბაზრისთვის და თითოეული მომხმარებლისთვის",- განაცხადა ვიცე-მერმა.
ცნობისთვის, დედაქალაქში ტაქსების რეფორმა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აკრძალულია. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა.