LIVE

„დიდი გეტსბის" პირველი გამოცემა $360,000-ად იყიდება

13 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 730
„დიდი გეტსბის" პირველი გამოცემა $360,000-ად იყიდება

ლონდონში დაფუძნებული იშვიათი წიგნების დილერი პიტერ ჰარინგტონი 1925 წელს გამოცემულ The Great Gatsby-ის ("დიდი გეტსბი") პირველ გამოცემას ნიუ-იორკის ანტიკვარული წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე 21-24 აპრილს გამოიტანს.

ჰარინგტონის წიგნი $360,000-ად არის შეფასებული, რაც მას კოლექციონირების მზარდი ბაზრის ზედა საფეხურზე ათავსებს.

"ლოკდაუნი და მთელი ეს პერიოდი ძალიან კარგი იყო იშვიათი წიგნების ბაზრისთვის",- ამბობს ჰარინგტონი.

სხვა წიგნების მსგავსად The Great Gatsby-ის გამოცემების ფასი საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით დგინდება: წიგნის გამოცემის თარიღი, სუპერყდის მდგომარეობა და იყო თუ არა ყდის ან წიგნის რომელიმე ნაწილი დაზიანებული ან აღდგენილი.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის The Great Gatsby-ის პირველი გამოცემა 20,870 ეგზემპლარისგან შედგება. ყველაზე მარტივი გზა იმის დასადგენად, არის თუ არა წიგნი პირველი ტირაჟიდან, გარდა გარეკანის დათვალიერებისა, იმ შეცდომების შემოწმებაა, რომლებიც შემდეგ გამოცემებში გამოსწორდა.

წიგნის პირველი გამოცემის $360,000-იან ღირებულებას გარკვეული პრეცედენტი გააჩნია. 2014 წელს Sotheby's-ის აუქციონზე გამოვიდა არარესტავრირებული პირველი გამოცემა მცირე დაზიანებებით, რომელიც $250,000-დან $350,000-ად შეფასდა და $377,000-ად გაიყიდა.

სულ ახლახან, ხელმოწერილი პირველი გამოცემა რამდენიმე დაზიანებით Heritage Auctions-ზე, ნიუ-იორკში $162,500 დოლარად გაიყიდა. ასევე, 2009 წელს, წიგნის პირველი გამოცემა Bonham's New York-ში $180 000-ად გაიყიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს ტერმი