LIVE

ევროპული ბიზნესასოციაცია: შემოსავლების სამსახურის მიდგომების ნაწილი ბიზნესისთვის მიუღებელია

11 აპრ 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 884

შემოსავლების სამსახურის მიდგომების ნაწილი ბიზნესისთვის მიუღებელია,- ამის შესახებ ევროპულ ბიზნესასოციაციაში აცხადებენ. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ასოციაციაში განუცხადეს, ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც იმპორტიორ კომპანიებს საბაჟოზე პრობლემა შეექმნათ.

EBA-ს თავმჯდომარის თქმით, საუბარია შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არასწორ ინტეპრეტაციაზე. კერძოდ, ჯონ ბრეკეველდტის თქმით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ევროპულ კომპანიებს საქართველოში იმპორტისას გადასახადის გადახდა იმ პროდუქციაზეც მოუწიათ, რომელიც DCFTA-ის რეჟიმის ფარგლებში არ იბეგრება.  

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ შემოსავლების სამსახურს არ აქვს საკმარისი კომუნიკაცია სხვა საჯარო უწყებებთან და მსგავსი ფაქტები მთლიანობაში აზიანებს ბიზნეს გარემოს.

„ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში ევროპაში წარმოებული პროდუქციის ნაწილი გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისგან საქართველოში. როგორც ჩემს კომპანიას, ასევე ჩვენი ასოციაციის წევრ რამდენიმე კომპანიას გვქონდა შემთხვევა, როდესაც საქართველოში ევროპიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელიც ექცეოდა ამ რეჟიმის ფარგლებში, საბაჟოზე მაინც გადაახდევინეს იმპორტის გადასახადი. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, რომ არსებობდა კითხვები, იყო თუ არა ეს პროდუქტები რეალურად მართლაც ევროპაში წარმოებული. ეს კი იმ პირობებში, როდესაც საქონელს ყველა დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჰქონდა. მსგავსი მიდგომა არასწორია და არაა ორიენტირებული კლიენტის, ამ შემთხვევაში ევროპული ბიზნესის საჭიროებებსა და ინტერესებზე. თუკი მართლაც არსებობს რაიმე ეჭვი კონკრეტულ პროდუქციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური არ უნდა ეუბნებოდეს ბიზნესს, ეს შენი პრობლემაა და უნდა გადაიხადო გადასახადი. არამედ ჯერ უნდა გადაამოწმოს საკითხი პარტნიორ ევროპულ ქვეყანასთან და შემდეგ გადაწყვიტოს, უნდა გადაიხადოს თუ არა კომპანიამ დამატებითი თანხა. ჩვენი შეფასებით, მსგავსი ფაქტები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობების პირდაპირი დარღვევაა“, - განაცხადა ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ, ჯონ ბრეკეველდტმა.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საკითხთან დაკავშირებით მათ შემოსავლების სამსახურსაც მიმართეს, ამჟამად აღნიშნული შემთხვევები მოკვლევის რეჟიმშია და უწყება ევროპული მხარისგან პასუხს ელოდება.