პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოფილი მთავარი მრჩეველი ეკონომიკის მიმართულებით ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსულ ენერგიაზე „ნამდვილმა ემბარგომ“, შესაძლოა, უკრაინაში ომი შეაჩეროს.
ანდრეი ილარიონოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნების მუქარას ენერგიის მოხმარების შემცირების შესახებ სერიოზულად არ უყურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა რუსულ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ის ქვეყნისგან ნავთობისა და გაზის ყიდვას მაინც აგრძელებს. გასულ წელს გაზრდილი ფასების წყალობით, ნავთობისა და გაზის გაყიდვებმა რუსეთის სამთავრობო ხარჯვის 36% შეადგინა.
ამ შემოსავლის უმეტესობა ევროპიდან მოდის, რომელსაც გაზის დაახლოებით 40% და ნავთობის 27% რუსეთიდან შემოაქვს.
"თუ დასავლეთის ქვეყნები რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტზე რეალური ემბარგოს განხორციელებას შეეცდებიან, მე დავდებდი ფსონს, რომ ალბათ ერთ-ორ თვეში უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციები, სავარაუდოდ, შეწყდება",- განაცხადა ილარიონოვმა.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვაც კი პროგნოზირებს, რომ ეკონომიკა წელს 8%-ით შემცირდება, მაშინ როცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამბობს, რომ ის შეიძლება 15%-მდე შემცირდეს.
დოქტორი ილარიონოვი ხსნის, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის გაუძლოს ეკონომიკურ დარტყმას, რაც მისი პრიორიტეტების თანმიმდევრობას აჩვენებს.
”მისი ტერიტორიული ამბიციები, მისი იმპერიული ამბიციები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ყველაფერი, მათ შორის რუსეთის მოსახლეობის საარსებო წყარო და ქვეყანაში არსებული ფინანსური მდგომარეობა... მისი მთავრობის ფინანსური მდგომარეობაც კი”,- აღნიშნა მან.