მსახიობ უილ სმიტს 10 წლით აეკრძალა ოსკარის დაჯილდოებასა და კინოაკადემიის სხვა ღონისძიებებზე დასწრება.
კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია, რომელიც დაჯილდოების ღონისძიებას აწყობს, დისციპლინური პასუხისმგებლობის განსახილველად დღეს ვირტუალურად შეიკრიბა.
აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სმიტის მიუღებელმა და მავნე ქცევამ ოსკარის დაჯილდოება დაჩრდილა.
27 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სილა ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე ხუმრობის გამო, გაარტყა. პინკეტ-სმიტი თავს ჯანმრთელობის პრობლემის - ალოპეციის გამო იპარსავს.
შემთხვევის გამო, მსახიობმა ბოდიში მოიხადა და ამერიკის კინოაკადემიის რიგები საკუთარი სურვილით დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადებაში მან თქვა, რომ "აკადემიის ნდობას უღალატა" და საკუთარი ქმედების გამო "გული სწყდება".
ინციდენტთან დაკავშირებით, აკადემიის დისციპლინური განხილვა თავდაპირველად 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა სმიტის გადადგომამ პროცესი დააჩქარა.