LIVE

ბრიტანეთმა Sberbank-ის აქტივები გაყინა - ახალი სანქციები

07 აპრ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 608
ბრიტანეთმა Sberbank-ის აქტივები გაყინა - ახალი სანქციები

ბრიტანეთმა აკრძალა ინვესტიციები რუსეთში და გაყინა ქვეყნის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის აქტივები. ასევე, ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მთლიანად გაყინა მოსკოვის საკრედიტო ბანკის აქტივები.

გაერთიანებული სამეფო შეაჩერებს რუსული ნახშირის, ნავთობის, რკინისა და ფოლადის იმპორტს 2022 წლის ბოლოსთვის და სანქციებს კიდევ რვა რუს ოლიგარქს დაუწესებს. სანქციების უახლესი პაკეტი მოიცავს რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვას, შეიძინოს ტექნოლოგიები და მოწინავე მასალები დიდი ბრიტანეთიდან.

“ვაჩვენებთ რუსულ ელიტას, რომ არ შეუძლიათ ხელების დაბანა პუტინის მიერ დაკვეთილი სისასტიკისგან. არ მოვისვენებთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

სანქციების ახალი რაუნდი შეეხო PhosAgro-ს დამფუძნებელ ანდრეი გურიევს, Novatek-ის აღმასრულებელ დირექტორ ლეონიდ მიხელსონს, Gazprombank-ის აღმასრულებელ დირექტორ ანდრეი აკიმოვს, Gazprom Neft-ის გენერალურ დირექტორ ალექსანდრ დიუკოვს, რუსეთის უმსხვილესი გაზსადენის კომპანიის, SGM Group-ის თანამფლობლის შვილს, ბორის როტენბერგს.

Sberbank-სა და Alfa Bank-ს სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმაც. ამასთან, სანქციების ახალი პაკეტი აკრძალავს ყველა ახალ ინვესტიციას რუსეთში, გაზრდის ზეწოლას ფინანსურ ინსტიტუტებსა და სახელმწიფო საწარმოებზე. 

სადამსჯელო ზომები შეეხო რუსეთის პრეზიდენტის ორ ქალიშვილსა და სერგეი ლავროვის მეუღლესა და ქალიშვილს, ასევე რუსული ელიტის სხვა წარმომადგენლებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის შვილების სანქცირებას აპირებს ევროკავშირიც. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო მეიესი