LIVE

მედვედევი: რუსეთი საკვებ პროდუქტებს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის

01 აპრ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2088
მედვედევი: რუსეთი საკვებ პროდუქტებს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის
Alexei Nikolsky/AP

რუსეთი საკვებ პროდუქტებსა და მოსავალს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის: როგორც რუბლში, ასევე მათ ეროვნულ ვალუტაში შეთანხმებული პროპორციებით. განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

“ჩვენს პროდუქციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ მეგობრებს მივაწვდით. საბედნიეროდ, ასეთი ბევრი გვყავს და ისინი საერთოდ არ არიან ევროპაში და არც ჩრდილოეთ ამერიკაში”,- წერს მედვედევი Telegram-ის არხზე. 

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არამეგობრული ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის სიის გაფართოების ინიციატივითაც გამოდის. 

“არ მივაწვდით ჩვენს პროდუქციას მტრებს და მათგან არაფერს ვიყიდით. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან აღარ ვყიდულობთ, იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს. სადილი შეიძლება გავუზიაროთ მეგობრებს, მაგრამ მტრებს სადილს არ მივცემთ”,- წერს მედვედევი.

რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია 7 მარტს დაამტკიცა. ჩამონათვალში არიან აშშ და კანადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო (მისი კუნძულოვანი ტერიტორიები), უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია.

სიაში ასევე შედიან აზიის სახელმწიფოები: იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი.

გარდა საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ვაჭრობის შეზღუდვისა, რუსეთი არამეგობრულ ქვეყნებს გაზის მიწოდების შეწყვეტითაც ემუქრება, თუ ისინი საფასურს რუბლში არ გადაიხდიან. 

"რუსული გაზის შესაძენად, მათ რუსულ ბანკებში რუბლის ანგარიშები უნდა გახსნან. 1 აპრილიდან გაზის საფასურის გადახდა სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება. თუ ასეთი გადახდები არ განხორციელდა, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს კლიენტი არ ასრულებს ვალდებულებებს",- თქვა ვლადიმერ პუტინმა.  

საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში არ არის.