LIVE

დავითაშვილი: საქართველო ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის პროექტს განიხილავს

31 მარ 202216:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 300
დავითაშვილი: საქართველო ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის პროექტს განიხილავს

საქართველო განიხილავს ენერგეტიკისა და კლიმატის სტრატეგიის პროექტს, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი უნდა იყოს.

„დავისახეთ ამოცანები, რომლებზეც საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ერთად იმუშავებს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ევროპის ენერგოგაერთიანებასთან საქართველოს აქვს თანამშრომლობის ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც  ეხება ქართული ელექტროსისტემის ევროპასთან პირდაპირ დაკავშირებას, განახლებადი ენერგიის წარმოებაში მეტ მხარდაჭერას და ხელშეწყობას.

„ევროპის ენერგოგაერთიანების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და ეს ჩვენი ევროპულ ინსტიტუციებში გაწევრიანების და ზოგადად, ევროპული ინტეგრაციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება. ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო  2017 წლის 1 ივლისს გაწევრიანდა.