LIVE

რუსეთმა შესაძლოა ხორბლის საფასურის რუბლში მიღება დაიწყოს

30 მარ 202217:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 880
რუსეთმა შესაძლოა ხორბლის საფასურის რუბლში მიღება დაიწყოს

რუსეთის მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი ანგარიშსწორებას რუბლში ითხოვს. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი მოთხოვნით ექსპორტიორთა კავშირმა უკვე მიმართა რუსეთის ცენტრალურ ბანკს.

„გთხოვთ, იპოვოთ შესაძლებლობა, უზრუნველყოთ რუბლის ლიკვიდურობა უცხოური ბანკებისთვის, რომლებიც ემსახურებიან მარცვლეულის მყიდველებს. უმსხვილესი მყიდველი ქვეყნებია თურქეთი, ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები, ასევე აზიის რამდენიმე ქვეყანა. ქვეყნები - ვიეტნამი, პაკისტანი, ბანგლადეში",- აღნიშნულია ცენტრალური ბანკისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

როგორც ექსპორტიორთა კავშირში განმარტავენ, მარცვლეულის საექსპორტო კონტრაქტები იდება ფაქტობრივი მიწოდების თარიღამდე ერთი-ორი თვით ადრე, ხოლო შიდა ბაზარზე მარცვლეულის შეძენა და კონსოლიდაცია ხდება რეალური გადაზიდვის თარიღთან ახლოს.

შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუბლის ხარჯები მარცვლეულის შესაძენად, ისევე როგორც გადასახადის ღირებულება (გამოითვლება უცხოურ ვალუტაში). ამავდროულად, არსებობს ტექნიკური დროის შუალედი თანხის გაგზავნისა და ჩარიცხვის თარიღებს შორის, რაც იწვევს იმას, რომ უკვე გადარიცხული თანხები არ არის საკმარისი.

ექსპორტიორების განცხადებით, სავალუტო შემოსავლის მიღების სირთულეების გამო, ბევრი უცხოური ბანკი არ აგზავნის თანხებს ისეთ ბანკებშიც კი, რომლებიც ოფიციალურად არ არიან სანქცირებული.

როგორც ბიზნეს ფორმულას „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, რუბლში ანგარიშსწორების მოთხოვნა ძირითადად მსხვილ იმპორტიორებზე გავრცელდება და საქართველო, დიდი ალბათობით მათ ჩამონათვალში არ მოხვდება. თუმცა, სილაგავა ვერც რუბლით ანგარიშსწორებაში ხედავს პრობლემას. მისი თქმით, ამჟამად რუსეთიდან ხორბლის იმპორტი ისედაც შემცირებულია და ქართველი იმპორტიორები რუსული ბაზრის ყაზახურით ჩანაცვლებას ცდილობენ.

„საქსტატის“ მონაცემებით მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველომ $7.4 მილიონის 23.5 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა, საიდანაც 20 ათასი ტონა რუსეთში შეიძინა. გასული წლის შესაბამის პერიოდში, საქართველომ 50.6 ათას ტონა რუსულ ხორბალში $12.6 მილიონი გადაიხადა.

ცნობისთვის, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია.