LIVE

რას ნიშნავს და რამდენად რეალურია რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა?

31 მარ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 701
რას ნიშნავს და რამდენად რეალურია რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა?
Mikhail Klimentyev, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP, file

ევროპაში გაზის ისედაც მაღალი ფასი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აიძულებს მყიდველებს რუსული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდას რუბლში დოლარისა და ევროს ნაცვლად. 

რას გულისხმობს პუტინის შეთავაზება 

ევროპა დიდი მოცულობის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს გათბობისთვის, ელექტროენერგიის წარმოებისა და საწვავის ინდუსტრიისთვის და ეს იმპორტი გრძელდება უკრაინაში ომის მიუხედავად. 

იმპორტის დაახლოებით 60%-ის გადახდა ხდება ევროში, დანარჩენის კი დოლარში. ახლა პუტინი გაზის უცხოელი იმპორტიორებისგან რუბლით გადახდას ითხოვს.

რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს პუტინის გეგმას? 

იმპორტიორებმა უნდა მოძებნონ ბანკი, რომელიც ევროს და დოლარს რუბლებში გაცვლის. ეს შეიძლება იყოს რთული, რადგან ზოგიერთი რუსული ბანკი დაბლოკილია SWIFT-ის სისტემაში, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო გადახდებს. 

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ბანკი, რომელიც ჯერ კიდევ არის SWIFT-ის სისტემაში და ამ დროისთვის აშშ-ს ხაზინის მიერ დაწესებული სანქციები არ შეხებია, წარმოადგენენ გამონაკლისს ენერგიის გადახდებთან დაკავშირებით. ეს არის დათმობა ევროპელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი რუსულ ნავთობსა და გაზზე და შიშობენ, რომ მიწოდების სრული შეწყვეტა მათ ეკონომიკას რეცესიაში ჩააგდებს. 

კორნელის უნივერსიტეტის სავაჭრო პოლიტიკის პროფესორისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი წარმომადგენლის, ესვარ პრასადის შეფასებით, რუბლში ასეთი ბანკების მეშვეობით ანაზღაურება საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მცირედ დაეხმარება ფინანსური სანქციების თავიდან აცილებას, რუბლის ღირებულების გაძლიერებას ან რუსეთის ეკონომიკის დაცვას.

“პუტინი ან საშინელ ეკონომიკურ რჩევებს იღებს, ან კიდევ უფრო გიჟდება დასავლეთის სიძულვილით”,- თქვა პრასადმა. უცხოელი იმპორტიორებისთვის რუსული ექსპორტის გადახდა გაუფასურებულ ვალუტაში უფრო იაფი იქნება, მაგრამ ძნელია რუბლის შეძენა და გადახდების განხორციელება ისე, რომ თავიდან აიცილოს სანქციები. 

როგორ მიიღეს პუტინის მოთხოვნა ევროპაში? 

ევროპულმა მთავრობებმა და ენერგეტიკულმა კომპანიებმა უარყვეს რუსეთის იდეა და განაცხადეს, რომ გაზის იმპორტის კონტრაქტები განსაზღვრავს გადახდის ვალუტას და მათი ცალმხრივად ცვლილება შეუძლებელია. ისინი გადახდას კვლავ ევროსა და დოლარში აპირებენ.

უფრო ფართოდ, G7-ის ქვეყნები, მათ შორის იაპონია, აშშ და კანადა, ისევე როგორც გერმანია, საფრანგეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი, შეთანხმდნენ და მოსკოვის მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობენ. მათი პოზიცია გაიზიარა ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმაც.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “დიდი შვიდეულის ყველა მინისტრს შორის სრულ თანხმობაა”, რომ ასეთი ნაბიჯი იქნება “არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა”.

რა არის პუტინის მოტივაცია?

თეორიულად, რუბლებში გადახდების მოთხოვნამ შეიძლება მხარი დაუჭიროს ვალუტასა და მის გაცვლით კურსს, მაგრამ არა დიდად, ამბობს პრასადი. ამჟამად, ევრო და დოლარი უკვე გამოიყენება რუბლის შესაძენად, როდესაც Gazprom-ი ცვლის თავის უცხოურ შემოსავალს.

ვარშავის აღმოსავლეთმცოდნეობის ცენტრში ვარაუდობენ, რომ Gazprom-იდან სავალუტო ნაკადის გადამისამართებით სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად საბანკო სისტემაში, კრემლი მოიპოვებს შემდგომ კონტროლს სავალუტო რეზერვზე, რომელიც შემცირდა, რადგან დასავლეთის ქვეყნებმა გაყინეს.

თუმცა, ეს დატოვებს Gazprom-ს მყარი ვალუტის გარეშე, რათა გადაიხადოს საგარეო ვალები ან აანაზღაუროს შესყიდვები საზღვარგარეთ. ამჟამად, გაზის მიმწოდებელმა უკვე უნდა მიყიდოს უცხოური ვალუტის 80% რუსეთის ცენტრალურ ბანკს.

რუბლის შესახებ დაპირისპირებამ გამოიწვია შეშფოთება, რომ ეს ყველაფერი ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებამდე მიიყვანს. ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებები გრძელვადიანი ენერგეტიკული კონტრაქტების შეუსრულებლობაზე, რაც აქამდეც მომხდარა.

Rystad Energy-ის ანალიტიკოსების აზრით, ევროპის მილსადენების სისტემა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში ნაკადების შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა გავლენას მოახდენს ბევრ ქვეყანაზე. გარდა ამისა, ენერგიის გაყიდვა რუსეთისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეუძლია თუ არა რუსეთს, შეწყვიტოს გაზის მიწოდება ევროპელი მომხმარებლებისთვის, თუ ისინი უარს იტყვიან რუბლებში გადახდის მოთხოვნაზე, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპისთვის “გაზის უფასოდ მიწოდებას”.

რამდენად რეალურია გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხე?

კრემლის შეთავაზების გამო გერმანულმა კომუნალურმა ასოციაცია BDEW-იმ მოუწოდა მთავრობას, გამოეცა “ადრეული გაფრთხილება” ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტის შესახებ.

ეს არის ევროკავშირისა და გერმანიის კანონმდებლობაში ენერგეტიკული გადაუდებელი შემთხვევების სამი ეტაპიდან პირველი, რომელთაგან ყველაზე მაღალი ნიშნავს, რომ დეფიციტი იმდენად ძლიერია, რომ მთავრობამ უნდა შეწყვიტოს გაზის მიწოდება ინდუსტრიისთვის, რათა დაიცვას ოჯახები.

გერმანიის მთავრობა ვერ ხედავს ასეთი გაფრთხილების საჭიროებას. 

არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი ბლეფს თამაშობს. მიმდინარე თვეში რუსეთი დაემუქრა რუბლის გამოყენებით უცხოელი ინვესტორებისთვის გადასახდელად, რომლებიც ფლობენ დოლარში დომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებს. ეს მოხდა დოლარის გადახდაზე მას შემდეგ, რაც სარეიტინგო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ რუბლებში გადახდა რუსეთის დეფოლტს გამოიწვევდა.

რაც შეეხება გაზის იმპორტს, “პუტინმა შეიძლება მოითხოვოს რუბლში გადახდა, მაგრამ კონტრაქტებში ყველაფერი ნათელია”,- ამბობს კარლ ვაინბერგი, ეკონომისტი და High Frequency Economics-ის მმართველმა დირექტორი. ის ფიქრობს, რომ მოწოდების შეწყვეტა შეუძლებელია, რადგან ეს ვერ მოხდება ჭაბურღილების დახურვის გარეშე და საწყობები ძალიან სწრაფად შეივსება, თუ გადაზიდვები შეჩერდება. 

რატომ არის ენერგეტიკა მნიშვნელოვანი ფაქტორი ომში? 

ევროპის ეკონომიკა კვლავ ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთზე, გაზის იმპორტის 40% და ნავთობის 25% სწორედ რუსეთზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ შეწყვეტენ რუსული ნავთობის ყიდვას, ევროპელი ლიდერები ერიდებიან რუსული ნავთობისა და გაზის სრულ ბოიკოტს. ამის ნაცვლად, ისინი ორიენტირებული არიან იმპორტის შემცირებაზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კონსერვაციის, სხვა წყაროების და ქარისა და მზის ენერგიაზე რაც შეიძლება სწრაფად გადასვლის გზით.

ევროპაში გაზის სრული გათიშვის გავლენის შეფასებები განსხვავებულია, მაგრამ ისინი ძირითადად დაკავშირებულია ეკონომიკური პროდუქტიულობის მნიშვნელოვან შემცირებასთან.