The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ფინური კომპანია Nokia კრემლს ჯაშუშური ქსელის აწყობაში დაეხმარა,
სატელეფონო საუბრების მოსასმენად და ელ. ფოსტაზე წვდომისთვის სისტემის შექმნით.
„ამ თვეში Nokia-მ განაცხადა, რომ შეწყვეტს გაყიდვებს რუსეთში და დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა. თუმცა, ფინურ კომპანიას არ განუმარტავს, რა დაუტოვა რუსეთს: აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აკავშირებს მთავრობის ყველაზე მძლავრ ციფრულ სათვალთვალო ინსტრუმენტს ქვეყნის უდიდეს სატელეკომუნიკაციო ქსელთან“,- წერს The New York Times-ი.
გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, Nokia ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფდა აღჭურვილობას და მომსახურებას რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურისთვის (FSB) უდიდეს რუსულ მობილურ ოპერატორ, MTS-თან დასაკავშირებლად.
დოკუმენტები, რომლებიც 2008 წლიდან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს, აჩვენებს, რომ Nokia-მ იცოდა, რომ რუსულ ჯაშუშურ სისტემას მართავდა.
The New York Times-ის თანახმად, Nokia სადავოს არ ხდის გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების ავთენტურობას და აცხადებს, რომ მოქმედებდა იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებსაც იყენებენ სხვა მიმწოდებლებიც სამთავრობო მეთვალყურეობისთვის საჭირო აპარატურის მიწოდებისას.