LIVE

რუსები Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენებას ისევ შეძლებენ

28 მარ 202213:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 884
რუსები Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენებას ისევ შეძლებენ

რუსები Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენებას ისევ შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმების მშობელი კომპანია Meta რუსეთმა ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

lenta.ru წერს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ტვერის სასამართლომ მიიღო. 

"სასამართლო დაცვის ზომები არ ზღუდავს Meta-ს პროგრამული პროდუქტების გამოყენებას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც არ არიან ჩართული კანონით აკრძალულ საქმიანობაში",- ნათქვამია დოკუმენტში.

მანამდე მოსკოვის ტვერის სასამართლომ Meta რუსების უფლებების დამრღვევად და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისთვის საფრთხედ ცნო. სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ავრცელებს მასალებს, რომლებიც შეიცავს მოწოდებებს რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ექსტრემისტული ქმედებების განხორციელების შესახებ. მოსკოვის ტვერის სასამართლომ Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციად 21 მარტს გამოაცხადა. დადგენილებაში ჩაიწერა, რომ Facebook და Instagram "დაუყოვნებლივ" დაიბლოკებოდა.  

რუსეთის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია საკუთარ პლატფორმებზე: Facebook-სა და Instagram-ზე მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში (მათ შორის, საქართველოში) დროებით საშუალებას მისცემს, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები განათავსონ. ასევე, დაიშვება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდების შემცველი პოსტები. 

Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანია Meta-მ განმარტა, რომ ის წინააღმდეგია მომხმარებლებმა გააზიარონ პოსტები, რომლებიც "სახელმწიფოს მეთაურის სიკვდილისკენ მოწოდებას" შეიცავს.