უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს გულის შეტევა ჰქონდა.
“შოიგუს გულის შეტევა დაემართა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრის სრულ წარუმატებლობაში დაადანაშაულა”, - წერს გერაშენკო Facebook-ზე და დასძენს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ახლა საავადმყოფოში “რეაბილიტაციას გადის”.
რუსეთი შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. 24 მარტს რუსეთში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პროპაგანდისტული მედიების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა. მედიებმა სხდომიდან მოკლე ვიდეო გაავრცელეს, იმის დასტურად, რომ შოიგუ არ გაუჩინარებულა.
მოგვიანებით, მედიაზონამ სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ვიდეო შეისწავლა და განმარტა, თუ რატომ აქვთ ეჭვი, რომ შოიგუ რეალურად 24 მარტის სხდომას არ ესწრებოდა. მედიაზონაში აცხადებენ, რომ 11 მარტის შემდეგ გაუჩინარებული შოიგუ, ვიდეოში ჩამონტაჟებულია.