LIVE

ჩუბაისი არ იქნება ბოლო ადამიანი, რომელიც რუსეთს ტოვებს - მოსაზრება

25 მარ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1162
ჩუბაისი არ იქნება ბოლო ადამიანი, რომელიც რუსეთს ტოვებს - მოსაზრება
Andrey Rudakov/Bloomberg

კრემლში აცხადებენ, რომ ანატოლი ჩუბაისის რუსეთიდან წასვლა მისი პირადი არჩევანია.

"ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა საკუთარი სურვილით, ხოლო წავიდა თუ არ წავიდა, - ეს მისი პირადი საქმეა",- განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

სიმართლე კი ისაა, რომ უკრაინაში ომის დაწყება მოსკოვს იმაზე უარეს მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე ამას თავად წარმოიდგენდა. იმ ადამიანის წასვლა, რომელმაც ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის კრემლში მოხვედრას და პოსტსაბჭოთა წლების მნიშვნელოვანი ფიგურას წარმოადგენდა, მოსკოვისთვის მწარე კბენა აღმოჩნდება. 

ანატოლი ჩუბაისის სახელი უკავშირდება პოსტკომუნისტური ცხოვრების პირველ ათწლეულს - არეულობისა და იმედის პერიოდს. ის იყო ეკონომისტი, ბაზრის რეფორმატორი, რომელმაც ათასობით აქტივის გაყიდვის პროცესი დაძრა. ჩუბაისმა დაშალა გაფუჭებული ეკონომიკური სისტემა და ამ პროცესში რამდენიმე კაცი მილიარდერად აქცია. მას ხშირად ადანაშაულებდნენ სიმდიდრის უთანასწორო განაწილებაში, მაგრამ მან იმ დროისთვის თავისი ქმედება აღწერა, როგორც არჩევანი "ბანდიტურ კომუნიზმსა და ბანდიტურ კაპიტალიზმს შორის". 

ჩუბაისმა ახლა დატოვა რუსეთი, რომლის იზოლირების ხარისხი სულ უფრო იზრდება. კრემლი, რომელიც აძლიერებს მუქარის შემცველ რიტორიკას, საუბრობს ქვეყნის "გაწმენდასა" და "ეროვნული მოღალატეების" "მეხუთე კოლონის ქმედებაზე".

ჩუბაისი ოლიგარქი არ არის, ამიტომ ეს წასვლა ვერ შეფასდება როგორც აჯანყება მილიარდერებისა, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში აღარ უჭერენ მხარს პოლიტიკურ სისტემას. ის არც პუტინთან დაახლოებულ წრეში მოიაზრებოდა. ის იყო რუსეთის ელჩი კლიმატის საკითხებში - ქვეყნის, რომელსაც თითქმის არ ადარდებს ნახშირბადის მსოფლიო ბიუჯეტი.

და მაინც, ის ასევე იყო სისტემის რამდენიმე ადამიანთაგანი, ვინც წლების განმავლობაში ახერხებდა "ზღვრული სივრცის" გარეთ დგომას, მაშინაც კი, როდესაც პუტინის რუსეთი ჩაბნელდა. ახლა ის იძულებული გახდა, მხარე აერჩია.

მისი რუსეთიდან წასვლა ამ დრომდე ყველაზე მაღალი დონის პირის მიერ ქვეყნის დატოვებაა, მაგრამ რაც მთავარია, ჩუბაისი მარტო არ არის.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა, ცდილობდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის საშუალება მას პუტინმა არ მისცა. ის გასულ კვირას ახალი ვადით დაინიშნა და დარჩა, რათა მართოს ომის შედეგები, რომელმაც რუსეთი მსოფლიოსგან ეკონომიკურად იზოლირებული დატოვა. ეკონომიკურ ელიტაში სხვებმა უკმაყოფილება გამოხატეს.

რა თქმა უნდა, კრემლს ტოვებენ ან აკრიტიკებენ, პირველ რიგში, ისინი, ვინც მისგან შორეულ ორბიტაზე დგანან. ჩუბაისს ნაკლები აქვს დასაკარგი, ვიდრე სანქტ-პეტერბურგის ლიბერალური ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, როგორიცაა, მაგალითად, ალექსეი კუდრინი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ამჟამად რუსეთის აუდიტის პალატის ხელმძღვანელი, ან ჰერმან გრეფი, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყნის უდიდეს ბანკ "სბერბანკს". მათი კომენტარები და ქმედებები ნამდვილად ღირს თვალ-ყურის მისადევნებლად. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი