რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვში საფონდო ბირჟამ დღეს მუშაობა ნაწილობრივ განაახლა.
ბაზარი ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მხოლოდ რუსეთის მთავრობის მიერ გამოშვებული ზოგიერთი სესხის ობლიგაციების ვაჭრობით გაიხსნა.
სავაჭრო სესიაზე სახელმწიფო ბონდების განაკვეთი რეკორდულად - 20%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, მთავრობას სესხის აღებისთვის მეტის გადახდა მოუწევს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტიცია უფრო სარისკოა.
Gam Invests-ის საინვესტიციო მენეჯერმა სვეტა რამაჩანდრანმა BBC-ს განუცხადა, რომ ობლიგაციების გაყიდვის გავლენას და ინვესტიციების დანაკლისს ადგილობრივი მოსახლეობა მომდევნო კვირებში იგრძნობს.
"სავარაუდოდ, ცენტრალური ბანკი საკმაოდ აგრესიულად იმოქმედებს ადგილობრივი ფედერალური ობლიგაციების შესაძენად, რათა მხარი დაუჭიროს დასუსტებულ ბაზარს და ეკონომიკას", - ამბობს რამაჩანდრანი.
ცენტრალურმა ბანკმა მოსკოვის ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერების შესახებ 28 თებერვალს განაცხადა. მანამდე, 21 თებერვალს, რუსეთის საფონდო ბირჟამ, ყირიმის ანექსიის შემდეგ, გასული რვა წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა.
რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ეს საფონდო ბირჟის ყველაზე ხანგრძლივი დახურვაა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულმა რუბლმა ღირებულების მეოთხედი დაკარგა. დღეს დილით $1 105 რუსული რუბლი ღირდა.